9-12-2021
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მოვლენაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით საგრანტო პროგრამასთან, როგორიც არის HorizonEurope. საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა – მათ წვდომა გაუჩნდათ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი 95.5 მილიარდი ევროა.
მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია სამეცნიერო მიღწევებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და რამხელა მნიშვნელობა აქვს მეცნიერების დაფინანსებას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებს, როგორითაც მათი ევროპელი კოლეგები. ამ ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით.
მინისტრმა რონალდ დე ბრუინს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება 2020 წელს დაიწყო და მისივე შეფასებით, აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, რაც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს სამეცნიერო საზოგადოებაში. HorizonEurope უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეცნიერებს ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
თავის მხრივ, რონალდ დე ბრუინმა მიულოცა მიხეილ ჩხენკელს HorizonEurope-ის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ საქართველო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროპული ასოციაციის COST-ის სრული წევრობისკენ. მიხეილ ჩხენკელმა ევროპულ ასოციაციაში საქართველოს სრული წევრობის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ევროპული ასოციაციის COST-ის ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი, მისიის პირველი მდივანი თეა ჯიჯელავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი სოფო ჩაკვეტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან: COST-ის პოლიტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ურსულა კასტრო, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ინგა დადეშიძე და პოლიტიკის ოფიცერი კატალინ ალფოლდი.