გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ ''მეომრის ყავის კლუბის'' დამაარსებლებს უმასპინძლა

10-12-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ უწყებაში ''მეომრის ყავის კლუბის'' დამაარსებლებს, თამაზ დემეტრაშვილსა და ბიძინა მოისწრაფიშვილს უმასპინძლა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს გაეცნო.


თამაზ დემეტრაშვილი, რომელიც თავად რამდენიმე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა ავღანეთსა და ერაყში, ბოლო 6 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. კლუბის დაარსების იდეა სწორედ იქ გაუჩნდა, სადაც მსგავსი ორგანიზაცია უკვე არსებობს. როგორც ის აღნიშნავს, მოქმედი და ვეტერანი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად 1 თვის წინ შეიქმნა „მეომრის ყავის კლუბი'', რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ყავის მოძიებას, ტრანსპორტირებას, ადგილზე მოხალვას და მომხმარებლის სახლის კარამდე მიტანას. ყველა ამ სამუშაო პროცესში, სწორედ მოქმედი და ვეტერანი სამხედროები გახლავთ დასაქმებული; ვეტერანთა მხარდაჭერა, საზოგადოებაში მათი ღვაწლის მეტად დაფასება და ცნობადობის ამაღლება ორგანიზაციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „მეომრის პოდკასტი", რომელიც მსმენელს ცოცხალ გმირებს გააცნობს. ყავის რეალიზაციიდან შემოსული თანხების დიდ ნაწილს კი სწორედ ამ გმირებისა და მათი ოჯახების თანადგომისთვის მიმართავენ. იდეის ავტორებს, პროექტის წარმატების იმედი აქვთ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტი ვეტერანი დაასაქმონ.


„სამწუხაროდ, საქართველოში სიტყვა „ვეტერანი" ასოცირდება წარუმატებლობასთან. უახლოეს ისტორიაში გადატანილი საბრძოლო მოქმედებები და მათი შედეგები ადამიანებში დამარცხებისა და უიმედობის განცდას იწვევს. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინდივიდუალური გმირობის მაგალითების წარმოჩენა. კონკრეტული საომარი ეპიზოდები, კონკრეტული მოვლენები, რომლებიც ხშირად, გლობალურ კონტექსტში შეუმჩნეველი რჩება. გვჯერა, რომ ვეტერანის წარმოჩენა უბრალო ადამიანად, თავისი განცდებით, ემოციებით, სიხარულითა და ტკივილით, უფრო შეამცირებს იმ დაშორებას, რაც არსებობს საზოგადოებასა და სამხედროებს შორის,"_განაცხადა თამაზ დემეტრაშვილმა.


სტუმრებმა, კობა კობალაძეს ამ იდეის განვითარებაში თანადგომა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში მხარდაჭერა სთხოვეს, რაზეც, მისი მხრიდან, სრული მზაობის პირობა მიიღეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930