8-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2018 წლის მიმდინარე პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ძალიან სასიხარულოა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 2018 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6.5%-ს შეადგენს. და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში.
მიმდინარე წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი, 5.5%-ს შეადგენს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს. ბოლო წლების მსგავსად, 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორში ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდის მიმართულებით.
2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდა 20%-ით. მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში, ვინაიდან სწორედ ეს მიმართულება აგრძნობინებს მოსახლეობის ფართო ფენებს ეკონომიკური ზრდის შედეგებს.
ამასთან, 17.1%-ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა.
ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება დასაქმებაზეც - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი, დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს.
გამოშვების ზრდა ფიქსირდება, ასევე, ძალიან ბევრ სექტორში, ეს გახლავთ სწორედ ტურისტების უპრეცედენტოდ გაზრდილი რაოდენობის შედეგი და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ტურიზმის მზარდი ტენდენციები ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება, რომ ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა დახარჯოს. ჩვენ გვინარჩუნდება ის პოზიტიური ზრდა რაც შარშან გვქონდა და მიმდინარე წლის 5 თვეში 23.5%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, რაც დამერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი, 28.4%-იანი ზრდა განიცადა 4 თვის განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ციფრები. ეს არის კონკრეტულ ადამიანებსა და კონკრეტულ კომპანიებზე ასახული პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს ყველა დალხენილი არ არის. მე როდესაც ამ ციფრებზე ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს ამ ციფრების მოსმენა.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გამოვიარეთ 2014 წლის უმძიმესი კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით. ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა, რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე, აისახა დევალვაციაში.
ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ ამავდროულად ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
რომ არა ის ფისკალური, ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ესტონური მოდელის სახით არის ჩვენთან ცნობილი და რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ, თუმცა მანამდე მთელი წელი ვამზადებდით, ვსწავლობდით, მათ შორის სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი ექსპერტების დახმარებით, ესტონეთის შეცდომებს, ჩავარდნებს, რომელიც იქ განხორციელებულ რეფორმას მოჰყვა და პრინციპში, ყველა შესაძლო ასე ვთქვათ ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო, სწორი ცვლილებების შედეგად.
ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად, მთელი პარლამენტი იყო ჩართული, განსაკუთრებით, ბუნებრივია, ეკონომიკური პროფილის - საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავძლიეთ კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოვახდინეთ ამ კრიზისის ტრანსფორმაცია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ძალიან სწორი, საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბეს”- განაცხადა პრემიერმა.