13-12-2021
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი იუსეფ ა. ალ ჰნაითი. იორდანელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის გაერთიანებული შტაბის მეთაურს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და იორდანიის მისწრაფებებს გაუსვეს ხაზი და ყურადღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებსა და ინტეგრაციის პროცესზე გაამახვილეს. შეხვედრის ბოლოს ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც იორდანელ გენერალს ქართველმა კოლეგამ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოსთან გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორობის ფორმატში (EOP) საქართველოსა და იორდანიის გაფართოებული შესაძლებლობები განიხილეს.
დღესვე, ქართველმა და იორდანელმა გენერლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იორდანიის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. სტუმრები სსსტც “დელტასაც” მოინახულებენ და საქართველოს სამხედრო სამრეწველო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.