13-12-2021
„ძალიან ემოციური დღეა საქართველოსთვის, ვიმყოფებით „ექსპო დუბაიზე" სადაც უდიდესი ყურადღება დაეთმო საქართველოს, გვყავდა ბევრი ვიზიტორი ჩვენი ქვეყნის მუდმივმოქმედ სტენდზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად იმყოფება სამი დიდოსტატი საქართველოდან - ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე , რომლებიც, დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის, პანელურ დისკუსიასა თუ მეგობრულ მატჩში მონაწილეობით, საქართველოს ძალიან დადებით ჭრილში წარმოაჩენენ"- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, დუბაიში, საერთაშორისო გამოფენა „Expo 2020 Dubai"-ის ფარგლებში გამართული მეგობრული მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის შედგა. მეგობრულ საჭადრაკო მატჩს Expo Dubai"-ს დირექტორიც დაესწრო.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ყოველი ასეთი ღონისძიება, მითუმეტეს, მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიდოსტატების მონაწილეობით, საქართველოს განვითარების მაღალ ეტაპს უსვამს ხაზს.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას და დადებით კონტექსტში წარმოჩენას, მათ შორის, ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ეს ყველაფერი კი პოზიტიურად აისახება აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო არეალში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება. ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა ქართველ დიდოსტატებს მასპინძლობს - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ჭადრაკის დღე „Expo 2020 Dubai"-ზე პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელური დისკუსიის მოდერატორი expo 2020 dubai-ის ქალთა პავილიონის ხელმძღვანელი იყო.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდა - „Expo 2020 Dubai"-ის ცენტრალური სცენა „AL Wasl" საჭადრაკო დაფად გარდაიქმნა და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარდგა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ათასობით სტუმართან ერთად ფიდეს პრეზიდენტი ესწრებოდა