გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14-12-2021

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა. ღონისძიება ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის პარალელურად გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. დღესვე მინისტერიალის ორ სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისა და მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორი ქვეყნის თანამშრომლობისათვის იუსტიციის სფეროში. ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ურთიერთობის გააქტიურება ხელს შეუწყობს ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესს.

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალიც შეაფასა. მინისტრის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებისათვის ძალიან საინტერესოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული კოდექსი და საქართველოს პროგრესი პრობაციის მიმართულებით; საქართველო კი მზადაა, გაუზიაროს ევროპის ქვეყნებს საკუთარი მიღწევები და მიიღოს ის გამოცდილება, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების კუთხით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებობს.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის ორ სესიაზე. უკვე შედგა შეხვედრები იტალიისა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებთან, ხვალ კი, რატი ბრეგაძე სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებს შეხვდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930