14-12-2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პლენარულ სხდომაზე სოზარ სუბარი ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლებს გამოეხმაურა და რამდენიმე საკითხზე შეაჩერა ყურადღება, ესაა საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, პარტიების დაფინანსება და საერთო სახალხო შერიგება. მისი თქმით, „რამდენიმე კოლეგის გამოსვლის შემდეგ კითხვებზე პასუხია გასაცემი. მაგალითად იმაზე, როგორ უნდა მოხდეს საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარისა და კოლეგებმა შემოგვთავაზეს, რომ ფარულობა არის დემოკრატიის პრინციპის დარღვევა. მთელ მსოფლიოში არის პირიქით, პარლამენტშიც პირიქით არის, იმისთვის, რომ ზეწოლა არ მოხდეს საკრებულოს წევრზე, დეპუტატზე, მართლა თავისი სინდისით რომ გააკეთოს არჩევანი, ამისთვის არის ეს ფარულობა მოგონილი, განსხვავებით კანონპროექტებისგან, რომელსაც ღიად ვუყრით კენჭს. ახლა შემოგვთავაზეს ნოუჰაუ, იმისთვის, რომ ადამიანზე ზეწოლა არ მოხდეს საჭიროა ფარულობა დავარღვიოთ და ღიად მოხდეს კენჭისყრები. მე მგონია, რომ პირიქით, ეს არის ადამიანებზე ზეწოლის ძალიან კარგი ბერკეტი და როგორც ჩანს ამისი სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როდესაც იყო მინიშნებები, რომ გამოჩენილიყო ვინ ვის აძლევდა ხმას. ის რაც არის მსოფლიოში აპრობირებული და გამართლებული, არ შეიძლება გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და ახალი ვითარება შევქმნათ, იმის მიხედვით რომელ პარტიას რა აწყობს. მეორე, ხშირად ვისმენთ ლაპარაკს იმაზე, რომ ფინანსური რესურსები გადაუკეტეს რომელიმე კონკრეტულ პარტიას.
ამ შემთხვევაში ლაპარაკია პარტია „საქართველოსთვის". ვინ გადაუკეტა, რა ფინანსურ რესურსებზეა ლაპარაკი, რას ელოდებოდნენ ასეთს, რა ზეწოლაა, ან ვიზე მოხდა ეს ზეწოლა, ერთი ფაქტი მაინც ხომ უნდა დასახელდეს, რომ კვირების და თვეების განმავლობაში არ ვისმენდეთ ამ დემაგოგიას, რომელიც შემდეგ შეიძლება ვიღაცას მართალი ეგონოს. მესამე - ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს. პარტიების დაფინანსების კანონი პირდაპირ არის მიბმული საპარლამენტო არჩვენებზე. ეს იყო მიღებული გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე და ამას აქვს ის ლოგიკა, რომ საპარლამენტო არჩევნები არის მთავარი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს, რომელ პარტიას რა წონა აქვს, რამდენად აქვს მხარდაჭერა და ეს არის ძირითადი პრინციპი წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში და ჩვენც ამ პრინციპზე გადავედით. ჩვენი კოლეგები ხელისუფლებაში იყვნენ მაში და არ მოსვლიათ აზრად, რომ ეს პრაქტიკა ცუდი და არადემოკრატიული იყო. გავიმეორებ, რომ არ შეიძლება კონკრეტულ ვითარებაში ჩვენ რაც გვაწყობს იმის მიხედვით ვცვალოთ კანონმდებლობა. ეს არ იქნება სწორი.
ბოლოს ამ ყბადაღებული შერიგების პროცესს, ერთი წინადადებით უნდა გამოვეხმაურო.
პირდაპირ თქვა „ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარემ, სანამ სააკაშვილი პატიმარია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე აზრდაკარგულიაო. კაცი პირაპირ ამბობს თავის სათქმელს და ჩვენ რატომ ვიმტვრევთ თავს? რაზე ვლაპარაკობთ? თუ საუბარია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საერთო-სახალხო შერიგებაზე. თუ სხვა ტიპის დიალოგზეა ლაპარაკი, ბუნებრივია პოლიტიკური დიალოგისთვის აგერ არის პარლამენტი და ეს ცარიელი სკამები რომ შევსებული ყოფილიყო, შეიძლება გამოგვსვლოდა გარკვეული ტიპის პოლიტიკური დიალოგი ქვეყნის სასიკეთო საქმეებზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024