16-12-2021
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად ავუხსნათ ამ მოვლენის მიზეზები. პანდემიამდელ პერიოდში წლების მანძილზე ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი - წლიურად 3-4%. რატომ მოხდა, რომ ასეთი დაბალი ინფლაციის ათწლეულის შემდეგ 2021 წელს მყისიერად მივიღეთ გასამმაგებული მაჩვენებელი? პასუხი მარტივია: ერთადერთი, რაც განასხვავებს 2020-21 წლებს წინა წლებისგან, გლობალური პანდემიაა. ამსუბუქებს ეს ვითარებას? - რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხდის თუ არა ამ ერთჯერად ფაქტორს სწრაფად დაძლევადს? - რა თქმა უნდა, კი!", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათი"-ს ფორმატში გამოსვლისას.
ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ფონზე და მის გამო საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა არაერთ საქონელზე ფასების ზრდა. ამასთან, მთელი რიგი სასაქონლო პოზიციების მიხედვით საქართველო ნეტ იმპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ, მინისტრის თქმით, ცხადია რომ ჩვენთანაც იმატა ფასების დონემ. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, რადგან ეს მწვავე პრობლემა სწორედ პანდემიას და არა რაიმე ფუნდამენტალურ მაკროეკონომიკურ გარემოებას და ფაქტორს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვლენა დროებით ხასიათს ატარებს და ფასების დონე დასტაბილურდება პანდემიის დაძლევის პარალელურად.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და დღესვე ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. სწორედ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ეროვნული ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოხსენებით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, რომლებიც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფლაციური ზეწოლის შემამცირებელი კლასიკური ბერკეტია.
"დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის დადებითი მოლოდინების შედეგად არსებითად სტაბილურია ჩვენი ეროვნული ვალუტა. როდესაც, მაგალითად მეზობელ თურქეთში თითქმის 25%-იანი ინფლაცია ფიქსირდება თურქული ლირის ისტორიული გაუფასურების ფონზე. საქართველოში დღეს ეს დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს, ეროვნული ვალუტის კურსი, არსებითად, სტაბილურია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხთან, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ფასწარმოქმნა ამ სფეროში," - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა 2022 წლის ბიუჯეტში ასახულ მუხლებზე, პენსიების ზრდაზე, რომელიც სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად მოხდება, და ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ სხვა ქმედით ღონისძიებებზე.
„საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება, რაც შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ყველა ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილება ინფლაციის შეკავების და პანდემიამდელ ნიშნულამდე მისი შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს უკვე მომავალი წლის ბოლომდე" - განაცხადა მინისტრმა.