17-12-2021
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ," გასული წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდი როლი შეასრულა კურორტების განვითარებაში. რამდენიმე ციფრს მოვიყვან - 2012 წლიდან დღემდე, ამ კომპანიამ, რა თქმა უნდა, მთავრობისა დავალებითა და მხარდაჭერით, 31 ახალი საბაგიროს მშენებლობა განახორციელა ოთხივე სამთო კურორტზე, აქედან გუდაურში აშენდა 10, ბაკურიანში - 8, გოდერძიზე - 1, ხოლო სვანეთში 11 საბაგირო და აქ ამჟამადაც მიმდინარეობს დამატებით კიდევ ერთი 1 ახალი საბაგიროს მშენებლობა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში დეპუტატების - ვიქტორ სანიკიძისა და სოზარ სუბარის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და 2023 წლის ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ეხებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე დასრულებულია გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მოწყობა, მათ შორის, გუდაურში, ჯამში 5 კმ, ხოლო ბაკურიანში - 1800 მეტრის სიგრძის ტრასები.
„ბაკურიანში ახლა მიმდინარეობს ორი ხელოვნური ტბის მშენებლობა, რომელიც წყლით მოამარაგებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემას, ასევე გაკეთდა და კეთდება ძალიან ბევრი სხვა, ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ 2023 წელს დაგეგმილ ჩემპიონატს შევხვდეთ ღირსეულად და მომზადებულები" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამავე თემაზე დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის კითხვის პასუხად ნათია თურნავამ განმარტა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა, რომლებმაც ამ დღეებში იყვნენ ჩამოსულები საქართველოში, შეისწავლეს მიმდინარე სამუშაოები და ძალიან დადებითად შეაფასეს ბაკურიანის კურორტისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.
„ჩავატარეთ 7 საერთაშორისო შეჯიბრი იმისთვის, რომ მზად ვიყოთ 2023 წლის ჩემპიონატისთვის, ჩატარდა სატესტო ღონისძიებაც ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, რომელიც ჩვენს ტურისტულ პოტენციალსაც წინ წაწევს და რასაკვირველია, ქვეყნის ეკონომიკასაც განავითარებს, თუმცა, დავეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ გარკვეული კრიტიკა, გარკვეული გამოწვევები არის „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან" მიმართებაში - ზოგი ობიექტური, ზოგი სუბიექტური და ნუ დაგვავიწყდება, რომ ობიექტური ფაქტორებიც არის ხოლმე ისეთივე, რაც ჰესებთან დაკავშირებით, როდესაც მიდის ტრასების გაყვანა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არის ხოლმე ხშირად, მოსახლეობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით მუშაობას საჭიროებენ, დაგვიანებას იწვევენ და, პარალელურად, გვაქვს საკმაოდ მკაცრი ვადები, მათ შორის, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დაწესებული. ხდება გარკვეულ პროცედურულ გამოწვევებთან გამკლავება, თუმცა, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო კომპანია, ესეც იქნება კორპორატიზებული, იქნება რეფორმირებული, უფრო მეტად გამჭვირვალე და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ" - განაცხადა მინისტრმა.