17-12-2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრ ჰონდა ტაროსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.
მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მისი თქმით, ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს ორმხრივი ბიზნეს კავშირების განმტკიცებას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ენერგეტიკულ კომპანია „ტეპკოს", რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში შემოვიდა, მალე იაპონური ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც მიბაძავენ.
აღინიშნა, რომ 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში იაპონიიდან განხორციელებული ინვესტიცია 32 პროცენტით გაიზარდა. ასევე ზრდაა ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებითაც - 2021 წლის 10 თვეში სავაჭრო ბრუნვა 11 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ ინტერესი გამოთქვა საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი რეჟიმის დამყარება შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით, რაც დამატებით წაახალისებს ბიზნესის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრანსპორტი, საპორტო მეურნეობა, ტრანზიტი, ენერგეტიკა და სხვ. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებას.