18-12-2021
ჩემს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა, ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
„საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. საქართველო რეგიონში ამერიკისა და ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორია. ამ ფაქტს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობით მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული შუამავლობის მაგალითიც ადასტურებს. გახსოვთ, რომ ჩემს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, წელს ივნისის თვეში, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა - აზერბაიჯანის მთავრობამ ომის დროს დატყვევებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. სწორედ ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს.
„ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს. დიდი პატივი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება.
ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის - ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.