გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა

20-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.


მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად მიმართა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა:


„წელს პირველად ეყრება საფუძველი ახალ ტრადიციას – ეროვნულ სამეცნიერო ფორუმს. საქართველოს სამეცნიერო სივრცეში იქმნება დიალოგის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. ეროვნული სამეცნიერო ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება.


ყოველი წლის ბოლოს მეცნიერებს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და წლის აქტუალური თემების შესახებ მოსაზრებების გაზიარების საშუალება ექნებათ.


ფორუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა, 2021 წელს ეძღვნება კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს. პანდემიით შექმნილი სიტუაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო მის განხილვაში.


სამეცნიერო ფორუმი მრავალსექციურია და აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებიდან: ჯანდაცვა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, განათლება და ფსიქოლოგიური მეცნიერებები, პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია.


მსურს, წარმატებები ვუსურვო ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი პლატფორმა იქნება უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი“.


პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში 20-21 დეკემბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები იღებენ.


ფორუმის პირველი სამუშაო დღე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა,პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930