21-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორისა და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასანხალილს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს პანდემიის პერიოდში განათლების სისტემისთვის გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყოქვეყანაში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში UNICEF-ის თანადგომა, რამაც ხელი შეუწყო უმოკლეს დროში სისტემის ახალ რეალობასთან ადაპტირებას.
მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობის კუთხით ფონდისა და სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სწორედ ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად ორ თვეში ვაქცინირებულ მასწავლებელთა რიცხვი 9%-დან 70%-მდეგაიზარდა. მინისტრის თქმით, დღეს სკოლა არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი Covid-19-ის გავრცელების კუთხით, რადგან გარდა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა, სისტემატურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტესტირება და ინფექციის გამოვლენისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება.
მინისტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა – სამინისტროს ორგანიზებით შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობსსასკოლო კვების კონკრეტულ მოდელებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტს სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარუდგენს პრემიერ-მინისტრს.
ფილიპ კორიმ და ღასანხალილმა დადებითად შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი ნაბიჯები პანდემიის დროს. გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მოსწავლეთა კვების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მხრივ.
მხარეები სკოლებში ციფრული ტექნოლოგიებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების აუცილებლობასაც შეეხნენ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ წამატებით მიმდინარეობს “MinecraftEducationEdition”-ის დანერგვის პროცესი, რომელიც სწავლების მეთოდოლოგიას გააუმჯობესებს და ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მაინკრაფტი მოსწავლეებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული და სისტემური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განვითარების სპეციალისტი ანა ჯანელიძე.