11-06-2018
“დასავლეთში ყოველთვის ესმოდათ, რომ ნატოში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ინტეგრირება შეუძლებელია და ამიტომ ამ მხრივ ყველაზე მეტ ყურადღებას საქართველოს აქცევდნენ. თუმცა ასეთ „შერჩევა“ წარუმატებელია როგორც ნატოსათვის, ასევე თვითონ საქართველოსთვისაც, რადგან „ყველაზე წინწასულ“ კავკასიურ სახელმწიფოს პრობლემები აქვს როგორც საკუთარ რეგიონებთან, ასევე კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებთან”, - ნატქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:
აშკარაა, რომ ნატო და დასავლეთი უკრაინას „ბოროტად გაეხუმრნენ“ - ვერ ახერხებენ მისი პრობლემების მოგვარებას. ახლა ისინი იგივეს გამეორებას სამხრეთ კავკასიაშიც ცდილობენ, თუმცა ეს კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალიანსის ლიდერი - აშშ ვერა და ვერ ასრულებს ავღანეთის მისიას, აგრეთვე იმ რეალურ ბარიერს, რასაც ნატო რუსეთის სახით თავის აღმოსავლეთ ფლანგზე აწყდება, საეჭვოა, ალიანსის წევრებმა სამხრეთ კავკასიის მიმართ სტრატეგიულად იაზროვნონ. ნატო რეგიონს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ მისი აქ ყოფნა მისივე უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. საქართველოს ნატოში დაუცხრომელი სწრაფვის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით მისი გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ნატო თვლის, რომ რუსეთთან დაპირისპირებისა და მისი რისხვის თავიდან აცილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ალიანსის წესდების მე-5 მუხლის გავრცელება საქართველოზე. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ, ნატოს ყულფში თავის გაყოფით, შეიძლება ქვეყანა დაკარგოს.