28-12-2021
„2018 წლიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კომუნიკაციების კომისიას დაეკისრა მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია, რაც ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ დირექტივით“ და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2018 წლის რეკომენდაციით იყო განპირობებული. შევიმუშავეთ მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც კომისიამ შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და ა(ა)იპ - მედიააკადემია სამი შემადგენელი კომპონენტით.
ბოლო წლებში კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, რომელიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს მოიცავს. პირველი - გამარჯობა რუბი - 25 ქვეყანაში აღიარებული ფინური წიგნი, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლის. კომისიის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნით 2020 წელს 5 საჯარო და 2 კერძო სკოლაში, 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო ცოდნა, ხოლო „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდში 120 მასწავლებელი და ტრენეტი გადამზადდა. მეორე - Happy Onlife 8 ქვეყანაში წარმატებული აპლიკაცია, რომელიც მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს თამაშის პრინციპით ასწავლის ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციას და კიბერჰიგიენას, კომუნიკაციების კომისიამ ქართულ ენაზე გახადა ხელმისაწვდომი. ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესები აპლიკაციის მეშვეობით 10 სკოლის 700-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა.“ - განაცხადა კახა ბექაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნო და 2020 წლის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. „გამარჯობა რუბი“, Happy Onlife, ნამდვილი თუ მოგონილი?!, მედიის ეკონომიკა, ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა და თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან - ეს ის პროექტებია, რომლის შედეგებიც ბექაურმა ანგარიშის წარდგენისას შეაჯამა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ასევე მედიაწიგნიერების კონკურსისი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უნიკალური მეთოდი მოზარდებისათვის, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდების შესახებ. კახა ბექაურის თქმით, კონკურსი, რომლის მიზანიც კრიტიკული აზროვნების და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა, კომუნიკაციები კომისიამ მოსწავლეებისთვის 4-ჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ერთხელ ჩაატარა, სადაც მონაწილეობა 420-მა სტუდენტმა და მოსწავლემ მიიღო. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომე კონკურსანტებს პრიზების გარდა, კომუნიკაციების კომისია სერტიფიცირებულ ტრენინგებს უტარებს და კარიერულ განვითარებაში ეხმარება. 2020 წლის განმავლობაში, კონკურსის პარალელურად BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, 20 სკოლის 700-ზე მეტ მოსწავლეს და 6 უნივერსიტეტის 200-ზე მეტ სტუდენტს კომუნიკაციების კომისიამ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები და მეთოდები ასწავლა.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მედიის ეკონომიკა კომისიის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებს ციფრული მედიის დაფინანსების და მედია ეკონომიკის პრინციპებს ასწავლის და „Evas Foundation“-ის მიერ აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიის ეკონომიკისა და მედია საფრთხეების შესასწავლად. კომუნიკაციების კომისიამ პროექტის ავტორთან - ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა ქართულ სკოლებზე მორგებული საგაკვეთილო სქემა, რომლითაც 2020 წელს 20 სკოლის 175-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი გადამზადდა.
მედიაწიგნიერების პროექტების წარდგენისას კახა ბექაურმა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება. ბექაურმა ასევე წარადგინა ინფორმაცია მედიაწიგნიერების ტრენინგების შესახებ, რომელსაც კომისია ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ახორციელებს.
კომუნიკაციების კომისიამ კომიტეტს ასევე მედიაწიგნიერების ეროვნული მნიშვნელობის პლატფორმა www.Mediatsigniereba.ge წარუდგინა, რომელიც კომისიამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნა. ბექაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მედიაწიგნიერების ჰაბი, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს აერთიანებს და თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, მათშორის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის.
16-11-2024
16-11-2024