30-11-2022
1907 - 1908 წლებში გამომავალი ჟურნალი "ნიშადური" 2022 წელს ონლაინ ფორმატით აღდგება.
როგორც პლატფორმის რედაქტორი მარიამ მაისურაძე აცხადებს, განსხვავებით გასული საუკუნის დასაწყისში გამომავალი ჟურნალისა, ონლაინ გამოცემას შედარებით მრავალფეროვანი სარედაქციო პოლიტიკა ექნება და ის მხოლოდ სატირული ხასიათის არ იქნება.
ახალი მედიაპლატფორმის შესახებ გვესაუბრება გამოცემის რედაქტორი მარიამ მაისურაძე:
- რატომ მაინცდამაინც "ნიშადური"?
- აღნიშნულ გამოცემას, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს გამოდიოდა საქართველოში და რომელიც სატირული ხასიათით გამოირჩეოდა, ნამდვილად ჰქონდა ნიშადურის ეფექტი. აღდგენილი, ონლაინ ვერსია არ იქნება სატირული მიმართულების, თუმცა ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით 1907-1908 წლების გამოცემას "კონკურენცია" გავუწიოთ (იცინის).
- საქართველო პოლარიზებული საზოგადოებით გამოირჩევა, რაც, შესაბამისად, მედიაზეც აისახება. როგორი იქნება თქვენი გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა?
- მივხვდი რისი თქმაც გსურთ. ონლაინ გამოცემა "ნიშადური" თანაბრად მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებს როგორც სახელისუფლებო, ასევე არასახელისუფლებო პოლიტიკური სპექტრის მიმართ და არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, ჩვენ გეგმებში საზოგადოებრივი და კომერციული სექტორის მიმართულებაც შედის, რაც დამეთანხმებით, ზოგჯერ პოლიტიკასთან არცთუ პატიოსნად "კოჰაბიტირებს".
გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა იქნება კრიტიკული და აბსოლუტურად თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. დღეს ე.წ. კრიტიკული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკურადაა მოტივირებული და ეს უკვე იმდენად თვალშისაცემია, რომ ჟურნალისტიკის ტექნოლოგიებში ჩაუხედავ რიგით მოქალაქეშიც კი აღარ იწვევს ეჭვს. ჩვენი გამოცემა ამ კუთხით ეცდება იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და თანაბრად კრიტიკული მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა.
ამასთან, ჩვენ გვაქვს პრინციპი - მხოლოდ ფაქტები, რომელიც სავარაუდოდ გამოცემის სლოგანი გახდება, რაც გულისხმობს რომ:
1. არ ვჭორაობთ!
2. არ ვიყენებთ ე.წ. სანდო წყაროს ინფორმაციებს!
3. ჩვენ პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი მასალა იქნება ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული!
- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს თქვენი შეფასებით "კრიტიკული მედია", ანუ დაახლოებით რა მიმართულებით განავითარებთ სარედაქციო პოლიტიკას?
- რუბრიკების წინასწარ დასახელებას ნუ მომთხოვთ (იცინის). ზოგადად კი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გამოცემაში დიდი ადგილი დაეთმობა ხალხის აზრს, მათ შეფასებებს.
გარდა ამისა, საკმაოდ დიდი წილი დაეთმობა საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობისა და ეფექტურობის მონიტორინგს, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირთა ქონებრივ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციების შედარებას და ასე შემდეგ. ფაქტებით, მათივე წლიდან წლამდე შევსებული დეკლრაციების შედარებითა და ანალიზით მოვუყვებით საზოგადოებას რა ქონებით მოვიდნენ ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში ესა თუ ის ადამიანები და რა ქონებით დატოვეს თუ კვლავ განაგრძობენ საქმიანობას ამა თუ იმ თანამდებობაზე. მოკლედ, მკაფიოდ მოგიყვებით, რამდენად შეესაბამება მათ შემოსავლებს ის ქონება, რაც თავად დააგროვეს საკმაოდ მოკლე პერიოდში, თუ ხშირ შემთხვევაში სხვის სახელზე გადააფორმეს. ალბათ, გახსენდებათ ჩინოვნიკები, რომლებიც დეკლარაციაში მიუთითებენ, რომ სოლიდური თანხა პენსიონერმა მშობლებმა აჩუქეს და ა.შ. ერთ-ერთი ყოფილი პრემიერ-მინიტრის მაგალითიც კმარა, რომელიც მიუთითებდა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა - 50 000 დოლარი მამამ აჩუქა, მაშინ როცა მამამისს ამხელა შემოსავლები არ უფიქსირდებოდა.
ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურობით დაღლილ საზოგადოებას, რომელიც იძულებულია მხოლოდ აწმყოზე იფიქროს და წარსულის გასახსენებლად ელემენტარულად დროც კი არ აქვს, უშუალოდ პოლიტიკოსების ნაწილში შევახსენებთ მათ (პოლიტიკოსების) წარსულს, მაშინდელ პოზიციებს, განცხადებებს და კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დღეს პრაქტიკულად დავიწყებულია.
საკმარისი კონტრეტიკაა თუ არა?
- არა. მხოლოდ ბეჭდვურ მასალებს შესთავაზებთ მკითხველს თუ ვიზუალურსაც?
- გვექნება ვიდეოს განყოფილება, რომელიც მრავალნაირი მიმართულების იქნება და მასში შევა როგორც გამოკითხვა, ასევე სხვა ფორმატები.
- როდის უნდა ველოდოთ ახალ ონლაინ მედია პლატფორმას?
- ამჟამად საიტის დიზაინზე მიდის სამუშაოები, სხვა ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები პრაქტიკულად მოგვარებულია, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- მოკლედ, ველოდოთ "ნიშადურს"?
- აუცილებლად!!! (იცინის)
ესაუბრა თიკა კემულარია