გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The Washington Times» (აშშ): როგორ მეფობს კორუფცია საქართველოში

12-06-2018

"საქართველოს - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, დემოკრატიის გზაზე კოჭლობით მიმავალს, პოლიტიკური არეულობა კიდევ ერთხელ მოედო"-ასე იწყება ამერიკული გამოცემის, «The Washington Times»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორიც თავის დროზე ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ექსდეპუტატი ცოტნე ბაკურიაა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის მცირედ შემოკლებულ ვერსიას თავისუფალი თარგმანით:

ყველაფერი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი 16 წლის მოსწავლე ქალაქის ცენტრში მომხდარ ქუჩურ ჩხუბში მოკლეს: ერთი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა შეძრა ამ სისხლიანმა ფაქტმა, რომელსაც სახელად „ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა“ ეწოდა. ორიოდე კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებულს, მოზარდს, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, ხოლო მეორე დამნაშავედ აღიარა, მაგრამ მხოლოდ მკვლელობის მცდელობის მუხლით. გასაკვირი არაა, რომ აშკარად რბილ განაჩენს საზოგადოება პროტესტით შეხვდა.


სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო ერთ-ერთი მსხვერპლის მამა ზაზა სარალიძემ პროკურატურას მიმართა და სიმართლის დადგენა მოითხოვა. იგი ამტკიცებდა, რომ მისი ვაჟის მკვლელობაში „კიდევ ვიღაც სხვა იყო ჩარეული“ და ეჭვი ჰქონდა, გამოძიებამ ფაქტები მიჩქმალაო. მართლაც, როგორც გაირკვა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ვაჟი და ძმისშვილი მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ და შესაძლოა, მისი თანამონაწილეებიც. მკვლელობის შემდეგ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა.


31 მაისს შვილმკვდარი მამის ხელმძღვანელობით მოსახლეობა ლოზუნგით „ნუ მომკლავ“ ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. მართალია, მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ამით არ დაკმაყოფილდნენ, მთავრობის წევრების გადადგომაც მოითხოვეს და ისინი არაკომპეტენტურობასა და „ნათლიმამობაში“ დაადანაშაულეს. მოგვიანებით კიდევ ერთი მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა - თბილისის ცენტრი მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებით გაივსო, მათ შორის იყვნენ სხვა მშობლებიც, რომლებთაც ხელში თავიანთი დაღუპული შვილების სურათები ეჭირათ და მიტინგზე შეკრებილ ხალხს მათ თავსდატეხილ უსამართლობის ისტორიებს უყვებოდნენ.


სკანდალის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, რადგანაც საქართველოს სასამართლო სისტემა აშკარად კორუმპირებულია - იმ ქვეყნისა, რომელსაც პრორუსული მეგა-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს (იგი 5,7 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს). როცა ოლიგარქის თანამემამულეები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ, იმ დროს ბიძინა ივანიშვილი დაკავებული იყო კიდევ ერთი მრავალწლიანი ხის გადატანით, საზღვაო ბარჟის მეშვეობით, აჭარაში მდებარე საკუთარ დენდროლოგიურ პარკში. იგი სოფლებში უძველესი ასაკის ხეებს 2015 წლიდან ყიდულობს. ზღვაში მოცურავე ხეების ფოტოსურათები სწრაფად გავრცელდა [ინტერნეტის სოციალურ ქსელებში].


2012 წელს, პარლამენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა მან თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი დაჰყო და გადადგა. ოლიგარქმა პრემიერის ადგილი „თავის კაცს“ - გიორგი კვირიკაშვილს დაუთმო და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, როცა ამას ქვეყანაში შექმნილი ვითარება მოითხოვდა.


მართლაც ჭირდება თუ არა საქართველოს ხეების გადატანა-გადანერგვა, ეს საკითხი სადისკუსიოა. ბიძინა ივანიშვილი ექსცენტრიული პიროვნებაა, მას დიდი ძალა და გავლენა აქვს, თუმცა ფარულად, კულისებში მოქმედებს. უთვალავი სიმდიდრის პატრონი კაცი გართულია პინგვინებისა და ზებრების შეგროვებით, ჰყავს იშვიათი ზვიგენები უზარმაზარ აქვარიუმებში. მისი სახლი მთაზეა აგებული და თბილისს ზემოდან ციხე-სიმაგრესავით გადმოჰყურებს - [ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმის გმირის] - დოქტორ ევილის („დოქტორ ბოროტების“) მსგავსად. ბიძინა ივანიშვილი ღარიბ ქვეყანას უხილავი ძაფებით მართავს, მისი საბანკო ანგარიშები ჩრდილოვანი ფინანსური გარიგებებით არის შექმნილი, რომლის შესახებ პანამის გაზეთებიც წერდნენ.


საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია სუსტია. ბიძინა ივანიშვილს, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში კვლავ აირჩევენ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ დღეს მწუხარე მშობლების მიერ შექმნილი პოლიტიკური ამინდის მეშვეობით ამოვარდნილმა გარდაქმნის ქარმა დაუბეროს, კორუმპირებული მთავრობა „აღგავოს“ და მის ადგილზე უფრო გაბედული ახალი ადამიანები მოიყვანოს. შესაძლოა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბარჟით მცურავი ხეები წარსულს ჩაბარდეს.
-------
ავტორის შესახებ: ცოტნე ბაკურია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ამჟამად აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930