18-01-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ნაოხრებში გამართეს შეხვედრა და მოსახლეობას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და მისი წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი ესწრებოდნენ.
მათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს, ისაუბრეს აცრის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ასევე გააცნეს ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა. აღინიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა იანვარის ბოლომდე გრძელდება და 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სარგებლობა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილებს ასევე, ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხრიდან ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზეს.
როგორც, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, „ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური საშუალება კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად და მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რითაც როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობას გაუფრთხილდებიან“.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ახალციხეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.
16-11-2024
16-11-2024