გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ ბიბლიოთეკაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნა

20-01-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, მცირე  ფოიეში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაიხსნა დარბაზი, რომელსაც ანთიმოზ ივერიელის სახელი მიენიჭა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ დარბაზს მიენიჭა ანთიმოზ ივერიელის სახელი, რომელიც იყო როგორც საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი, ამავე დროს,  მისი მოწაფის დახმარებით დაარსდა საქართველოში პირველი სტამბა - ვახტანგისეული სტამბა, რომელმაც 1709 წლიდან დაიწყო წიგნების ბეჭდვა. სწორედ ამ სტამბაში დაბეჭდილი პირველი 20 გამოცემიდან ყველაზე მეტი - 16 გამოცემა ინახება ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. დიდი მადლობა მხატვარ გიორგი კალანდარიშვილს დარბაზის კედელის მოხატვისთვის, რუმინეთში საქართველოს ელჩს დახმარებისთვის. და რაც მთავარია, იმედია, მალე დასრულდება COVID 19 პანდემია და ჩვენი სტუდენტები ეწვევიან მათთვის შექმნილ ამ სივრცეს, “- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზს დამსახურებულად მიენიჭა რუმინეთში მოღვაწე ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის  ანთიმოზ ივერიელის სახელი:

 

„სწორედ მისი დახმარებით დაიწყო საქართველოში სასტამბო საქმე. მან 1707-1708 წლებში გამოაგზავნა თავისი მოსწავლე თბილისში და შეიქმნა ვახტანგისეული სტამბა. ამიერიდან ბიბლიოთეკის ეს დარბაზი იქნება არაჩვეულებრივი საგამოფენო, საკონფერენციო სივრცე, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისა და სხვა მკითხველისთვის. ასევე სასიამოვნოა, რომ დარბაზის ერთი კედელი მოხატა ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელმაც ეს დიდი პანო მიუძღვნა ანთიმოზ ივერიელის სახელს.“

 

„წლების წინ მეც თსუ-ში ვსწავლობდი, ამიტომ დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც იყო ანთიმოზ ივერიელის პანოზე მუშაობა. ვფიქრობ, ზუსტად ის შედეგი მივიღეთ რაც მქონდა ჩაფიქრებული,“- აღნიშნა მხატვარმა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

ანთიმოზ ივერიელი თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული საერო და სასულიერო მოღვაწე იყო. წარუშლელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში. ანთიმოზ ივერიელის მხარდაჭერითა და ვახტანგ VI-ის თაოსნობით, დაარსდა პირველი ქართული სტამბა საქართველოში, რომელსაც ანთიმოზ ივერიელის მოწაფე, მიხაი იშტვანოვიჩი ხელმძღვანელობდა.

 

დარბაზის გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო ვახტანგის სტამბის მიერ გამოცემული წიგნები. უნიკალური გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.

 

მცირე ფოიესთან ერთად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ ვესტიბიულს და დარბაზს ჯგუფური მუშაობისთვის (მცირე საკონფერენციო დარბაზი). სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. უახლოეს პერიოდში ცენტრალური ბიბლიოთეკის ფოიეში მოეწყობა სტუდენტური სივრცე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031