23-01-2022
გახდა თუ არა ხმაურიანი ბრალდებების მიზეზი ის, რომ მინისტრმა ოთხ თეატრთან დაკავშირებით სამხატვრო ხელმძღვანელების დასანიშნად დისკრეციული უფლება გამოიყენა - ამ კითხვას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში უპასუხა.
„ხმამაღლა ვიტყვი, დიახ, მეამაყება, რომ გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება და ლევან გაბრიაძე, დიდი რეზო გაბრიაძის შვილი დავნიშნე უკონკურსოდ.
ასევე, მეამაყება, რომ დიდი გელა კანდელაკი დავნიშნე უკონკურსოდ; არ ვაკადრე კონკურსი და თუნდაც გასაუბრება, ვინაიდან ამას უბრალოდ, არ იმსახურებს; არა იმიტომ, რომ კონკურსს ვინც გადის, ისინი ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები ადამიანები არიან, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უფრო მეტად უნდა სცეს პატივი ჩემი ასაკის კულტურის მინისტრმა. ასევე მეამაყება, რომ დიდი რობერტ სტურუა დავნიშნე კონკურსის გარეშე. რა თქმა უნდა, მე ვიღებ წერილებს, მესიჯებს – თუ რობერტ სტურუას ეკუთვნის, მე რატომ არ მეკუთვნის, თუ ის ასაკშია და მისთვის შეიძლება, ჩემთვის არ შეიძლება, კონკურსი რატომ უნდა გავიარო? მე თუ ახალგაზრდა ვარ, რა, უნდა ველოდო, რობერტ სტურუა როდის გარდაიცვლებაო? ჯვარი სწერია რობერტ სტურუას. მე მეამაყება, რომ ის უკონკურსოდ დავნიშნე. ასევე უკონკურსოდ დაინიშნა ბატონი ავთო ვარსიმაშვილი და ახლა ამაზე იყო პროტესტი, ავთო ვარსიმაშვილი ხომ არ არის გელა კანდელაკი, ის ხომ შედარებით ახალგაზრდაა, ის ხომ არ არის რეზო გაბრიაძე, ლევან გაბრიაძე და ა.შ. მიმაჩნია, რომ გრიბოედოვის თეატრი არის ცოტა განსხვავებული თეატრი. აქ მეტს ვერ ვიტყვი და ვფიქრობ, ამ თეატრში საჭირო და მნიშვნელოვანი იყო სწორედ ისეთი ადამიანის უკონკურსოდ დანიშვნა, როგორიც არის ძალიან წარმატებული და დიდი ხელოვანი, ავთო ვარსიმაშვილი. ასევე მეამაყება, რომ ბატონი ვასო ჩიგოგიძე და ნიკა საბაშვილი დაინიშნენ კონკურსის წესით და ასევე, მათ მაგივრად მიხარია, რომ მათ ვერავინ უსაყვედურებს, რატომ დაინიშნე „არასწორი პროცედურებითო“. მე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ ისინი არიან ჩემთვის და ქართული კულტურის საიმედოდ იქ, სადაც დაინიშნენ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარჯანიშვილის თეატრთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა სპეკუალციას რაც უსაგნო აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით, ორი დღის წინ მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი გამოცხადდა.
„სავარაუდოდ, ბატონი ლევან წულაძე კვლავ იქნება კანდიდატი, მისმა მეუღლემ ეს უკვე თქვა. მე მასთან არ მქონია კომუნიკაცია, რადგან მას არ ჰქონია კომუნიკაცია. თუმცა, მე ყველასთან მაქვს კომუნიკაცია, ნებისმიერ სამხატვრო ხელმძღვანელთან. არის შემთხვევები, როდესაც სამი-ოთხი საათი პირისპირ ვსაუბრობთ. აწუხებთ საშტატო, მსახიობის მდგომარეობა, თუმცა, ყველა სამხატვრო ხელმძღვანელზე ვერ ვიტყვი, რომ მსახიობი აწუხებს, მაგრამ გვარები არ მკითხოთ. ეს უნდა გავასწოროთ ერთად. მაგალითად, მსახიობებს აქვთ განცდა, რომ ხელფასს, რასაც იღებენ, სამინისტრო ადგენს; სინამდვილეში კი, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი ადგენს. მინდა, ეს სწორედ ამ ეთერიდან ყველა მსახიობმა იცოდეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც მსახიობებზე ზრუნავენ და სხვათა შორის, ვინც დაინიშნა, არის სწორედ მსახიობზე მზრუნველი და ცდილობენ, თავიანთი ბიუჯეტის ფარგლებში გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მე ყველას ვუსურვებ, ჯერ გავაკეთოთ 40-50, ან 20-30% მაინც იმისა, რაც რობერტ სტურუამ შეძლო და შემდეგ ვიქონიოთ დასაბუთებული პრეტენზიები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რამდენიმე თეატრში ახალგაზრდა რეჟისორი დაინიშნოს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს, იქნებიან ისინი მსახიობები, რეჟისორები, თუ სხვა, გასაქანი მივცე. ვფიქრობ, იმ ექვსასამდე პროექტით, რომელიც სულ ცხრა თვეში დავაფინანსეთ, ბევრ ახალგაზრდას შევუწყვეთ ხელი და ეს წელსაც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
16-11-2024
16-11-2024