23-01-2022
საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რომელიც მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა, ის, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, თანამდებობიდან საყოველთაო სიძულვილის გამო არ წასულა.
საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"მე მომავალ პრეზიდენტად არა სააკაშვილს, არამედ ჟვანიას მოვიაზრებდი, თუმცა, როდესაც ვარდით ხელში პარლამენტში შემოვარდა, კი გავიფიქრე - ახალგაზრდა, ენერგიული კაცია და იქნებ ხალხს იმედები არ გაუცრუოს-მეთქი.
მაშინ ვერც მე და ალბათ, ვერც თავად სააკაშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე მოკლე დროში ასეთ საყოველთაო სიძულვილს დაიმსახურებდა.
მართალი გითხრათ, განვიცდი, რომ თავისი პოლიტიკური კარიერა ასე დაასრულა, მაგრამ ამაში მხოლოდ თავად არის დამნაშავე.
როგორც ჩანს, ძალიან ძლიერი ფსიქიკის და ზნეობის ადამიანი უნდა იყო, იმდენ ცდუნებას რომ გაუძლო, რაც პრეზიდენტის სავარძელს ახლავს თან. სააკაშვილმა ეს ვერ შეძლო.
გულწრფელად გეტყვით, ასეთ პოლიტიკურ დასასრულს, ასეთ წასვლას არ ვისურვებდი და არც არავის ვუსურვებ!
დაცვის ხელკავით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მე გაცილებით ღირსეულად წავედი, ვიდრე ვადაამოწურული სააკაშვილი წავიდა. მაშინ (2003 წ რედ.) იყო ხალხის მრისხანება, მაგრამ არა საყოველთაო სიძულვილი. მრისხანებასა და სიძულვილს შორის კი დიდი განსხვავებაა" - აცხადებდა ედუარდ შევარდნაძე.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით
P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!