28-01-2022
Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროვებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას.
Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში Paragraph Resort & Spa Shekvetili აღნიშნავს, რომ პარაგრაფის მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით მოქმედებს სასტუმროს გახსნის დღიდან.
„ბევრი ვიფიქრეთ სანამ ამ წერილს დავწერდით, თუ რამდენად უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი გასულ კვირას, ერთ-ერთ გვერდზე დადებულ პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ ვამჯობინეთ უპასუხოდ არ დაგვეტოვებინა ჩვენი ყოფილი თანამშრომლების ცილისმწამებლური ბრალდებები.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ პარაგრაფის მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით ვმოქმედებთ სასტუმროს გახსნის დღიდან. შედეგად, ჩვენი სასტუმრო არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც საუკეთესო სასტუმრო ევროპაში სტუმრების კმაყოფილების კუთხით. რაც შეეხება თანამშრომლებზე და მათ სამუშაო პირობებზე ზრუნვას, უხერხულად მიგვაჩნია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იძულებული ვართ გავასაჯაროოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ:
დავიწყოთ იმით, რომ სასტუმროში ხელფასის კორექტირება ხდება საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით და აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს სასტუმროში არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ აქვს პოსტში მითითებული ხელფასი, შესაბამისად ეს ინფორმაცია მოძველებულია არ შეესაბამება სინამდვილეს
გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველოში კოვიდ რეგულაციების გამო სასტუმროებმა შეწყვიტეს ოპერირება და შესაბამისად პარაგრაფ შეკვეთილმაც 4 თვით შეწყვიტა მუშაობა - ჩვენი სასტუმრო იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი), რომელიც სრულად გასცემდა ხელფასებს ყველა თანამშრომელზე. პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი, უაღრესად რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად არ მომხდარა არც ერთი შტატიანი თანამშრომლის შემცირება ან მათთვის ანაზღაურების დაკლება.
სასტუმროს არსებობის პერიოდში (გარდა 2020 წლისა - პანდემიის გამო), პარაგრაფი არის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც ყოველწლიურად გაიცა პრემია-დანამატი მე-13 ხელფასის სახით და არა ერთხელ, განსაკუთრებული ფინანსური შედეგების საფუძველზე, დარიგდა დაუგეგმავი ერთჯერადი პრემიები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სარგებლობენ 1 საათიანი შესვენებით, კვებისა და ხანმოკლე დასვენებისთვის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაფეტერიასა და მოსვენების ოთახში.
ჩვენი გუნდის წევრებისთვის დანიშნული გვაქვს 4 მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება (ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი) და მათ ემსახურებათ უახლესი ტრანსპორტი. ჩვენი თანაშრომლების მაქსიმალური კომფორტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში.
არანაკლები ყურადღება ენიჭება თანამშრომლების განვითარებას, და მათი უნარჩვევების გაუმჯობესებისთვის ვთავაზობთ უფასო პროფესიულ სწავლებას, მათ შორის უცხო ენის კურსებს.
აღარაფერს ვამბობთ იმ წახალისებებზე, გარე აქტივობებსა და „team-building“-ებზე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს დასუფთვების სამსახურის განყოფილებაში.
დამატებით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი თანამშრომლების აზრი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გათვალისწინებული, სასტუმროში ტარდება ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვა, სადაც თანამშრომელებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა შეაფასონ მათი ხელმძღვანელები და სამუშაო პირობები. აღიშნული გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის დეკემბერშიც, რომელშიც მონაწილობა მიიღო 95% ზე მეტმა თანამშრომელმა და წელსაც დასუფთავების სამსახური უმაღლესი კმაყოფილების ინდექსით (100 დან 91%)-ით პირველ ადგილზე გავიდა.
აქვე სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ სასტუმრო პარაგრაფში ზედმეტად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება თანხობივად ან ე.წ. ანაზღაურებადი დღემაგიერის (რიგ გარეშე დასვენების დღეების) სახით. ხოლო სამუშაოს აღწერილობა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული 14-16 ოთახის დალაგება - როგორც ანონიმური წყარო იუწყება - ჩვენთან ხშირად დაყვანილია ვციტირებთ „10-12 ოთახზე.“ ხარისხის კონტროლის და ხარვეზების გამოსწორების პროცედურების განხილვა ხდება წინასწარ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმაბამდე, ხოლო უშუალოდ ხელშეკრულებაში გაწერილია სამუშაო საათები და შესაბამისი ანაზღაურება.
პარაგრაფ შეკვეთილში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოებას, შესაბამისად სასტუმროს ტერიტორიაზე გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული ქიმიკატები და ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სათანადო აღჭურვილობით და მათი გამოყენების ინსტრუქციით.
ჩვენი კომპანიის მთავარი ფასეულობაა თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის სათანადო სამუშო გარემოს შექმნა, რაც ყოველდღიურად ხორციელდება. თუმცაღა, ყველა კითხვის ამოწურვის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა თანამშრომლის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (თუნდაც თვეების და წლების წინ წასულების) აუცილებლად მოხდება ფაქტების სრული გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“ - ნათქვამია წერილში.
16-11-2024
16-11-2024