13-06-2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გადმოცემულია სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული გარემოებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ამ საკითხისადმი, ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების კომენტარები და პროგნოზები.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს:
„ქართველ ექსპერტთა უმეტესობის აზრით, სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებით მაინცდამაინც მნიშვნელოვანი და ტრაგიკული არაფერი მომხდარა. სირიის ნაბიჯს არაფერი არ მოჰყვება - დამასკო ხომ მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი არ არის, ის მხოლოდ სხვადასხვა ძალების შეჯახების არენას წარმოადგენს, ამიტომ სირიის პოზიცია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართ მსოფლიოში ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს ვერ შეცვლის. სირიას გარკვეული გავლენა აქვს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წევრებზე და მიუხედავად იმისა, რომ დამასკოს წევრობა ამ ორგანიზაციაში შეჩერებულია, მაინც კარგი იქნება, რომ ქართულ დიპლომატიამ არაბულ სახელმწიფოებთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებზე მუშაობა გააქტიუროს. ზოგიერთი ექსპერტი სირიის მიერ გადადგმულ ნაბიჯში ერთგვარ პოზიტივსაც კი ხედავს: დამასკოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება საქართველოს კონფლიქტების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება „გამოაცოცხლოს“, რომელმაც მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგიდან მეორე პლანზე გადაინაცვლა“, - აღნიშნულია სტატიაში.