გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მადლენ ოლბრაიტი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა

30-01-2022

„ვულოცავ საქართველოს მთავრობას, "პეის ჯგუფსა" და აშშ-ის განვითარების კორპორაციას ახალი ნავსადგურის გახსნას, რაც საქართველოსა და შეერთებული შტატების პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელის, მადლენ ოლბრაიტის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას მიუძღვნა.
 
„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი  მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს და შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება", - ნათქვამია მადლენ ოლბრაიტის წერილში.
 
მისივე თქმით, ახალი ნავსადგურის გახსნა ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვან დროს.
 
„საერთაშორისო სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რეგიონში, ახლა ზეწოლას განიცდის. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა როლი ექნება მსოფლიოსთან ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ქვეყანას ასევე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობის რეალური შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი არის ვაჭრობისა და არჩევანის პოტენციალის რეალიზაციის ნაწილი. ეს ასპექტი მას   მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ვაჭრობისა და კომერციის თვალსაზრისით, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვცდილობთ, უკეთესი ცხოვრება შევქმნათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნებისთვის", - ნათქვამია წერილში.
 
"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის" გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს ფოთში გაიმართა. ღონისძიებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
 
ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.
 
პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომზე თანამედროვე საპორტო მანქანა-დანადგარები: კონვეიერული სისტემა და ჩამოტვირთველი მანქანა (shiploader) განლაგდება.
 
ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.
 
პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930