გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელისაშვილი ბაზრის კვლევის გარეშე კერძო ბიზნესის რეპუტაციას აზიანებს

4-02-2022

„მალე იქნება სამთავრობო კომისიის სხდომა და კომენტარს შემდეგ გავაკეთებ, ახლა არაფერია სალაპარაკო“, – ეს „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის მოკლე ტექსტური შეტყობინებაა „ბანკები და ფინანსების“ თხოვნაზე, კონკრეტულად ესაუბრა საპენსიო საკითხებზე.

მანამდე, მისი თანაშემწისგან საუბარზე უარი მივიღეთ, იმ მოტივით, რომ დღეს ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა ბატონ ალეკოს ჩანიშნული, ხოლო ხვალ და ზეგ კი უქმე დღეები მოდის.


ასეა თუ ისე, ფორმას და ფორმატს, ამ შემთხვევაში, აზრი ნაკლებად აქვს, – ფაქტია, ალეკო ელისაშვილმა „ბანკები და ფინანსებთან“ საპენსიო საკითხებზე კონკრეტულ საუბარს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ თავი აარიდა.


ამგვარი მიდგომა ელისაშვილის მხრიდან უკვე ნეგატიურ ტრადიციად იქცა. ის თამამია, როცა ჩვეული რიხით და შემართებით საუბრობს, რომ აუცილებლად მიაღწევს და შეაწყვეტინებს „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერების „ძარცვას“, რომ აუცილებლად დააკლებინებს არაადამიანურ საპროცენტო განაკვეთს 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე (ე.წ. საპენსიო სესხები). მაგრამ, უბრალოდ ქრება მაშინ, როცა ხვდება, რომ მედია კონკრეტიკას მოსთხოვს – ანუ ჰკითხავს დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთი არის თუ არა საბაზრო? რა კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბანკი ძარცვავს პენსიონერებს, რას თვლის სამართლიან საპროცენტო განაკვეთად და რა არგუმენტებზე დაყრდნობით, იქნება თუ არა თანახმა, თუკი გადაწყდება, რომ პენსიონერების სესხის პროცენტი, ან მისი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტმა, ანუ გადასახადის გადამხდელებმა დაასუბსიდირონ და სხვა. კონკრეტული კითხვა ბევრია, ელისაშვილის კონკრეტული პასუხი, სამწუხაროდ, არც ერთი.


დარწმუნებული ვართ, ნებისმიერი მედია და ყველა ადამიანი მხოლოდ მოხარული იქნება, თუკი პენსიონერთა, და არა მარტო მათი, სოციალური მდგოამრეობა ხელის ერთი დაკვრით სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ რეალობაში ასე არ ხდება და ვერც მოხდება. ამის მიღწევა ჯანსაღი, შედეგზე ორიენტირებული მუშაობით და თანამშრომლობით (მათ შორის, მედიასთან) არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, დღემდე საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილი მხოლოდ პოპულიზმის გზას ირჩევს. მით უმეტეს, ამ გზამ, თუნდაც ბოლო არჩევნებში, მას საარჩევნო ბარიერის გადასალახად საჭირო მხარდაჭერაც კი ვერ მოუტანა.


და ისევ, ასეა თუ ისე, „ბანკები და ფინანსების“ დიქტოფონი მუდამ ჩართული რჩება ალეკო ელისაშვილისთვის საიმისოდ, რომ მან საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ჩვენს მკითხველს გაუზიაროს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ დაგვამადლოს.


და აქვე, – თუკი ბატონო ალეკო თავად წყვეტს, როდის უნდა ილაპარაკოს ამა თუ იმ საკითხზე მედიის ინტერესის საპასუხოდ, ნურც მედიისგან იწყენს მისი (მო)ქმედების, ანუ ფაქტობრივი გარემოების ინტერპრეტაციას. – „ბანკები და ფინანსები“ მიიჩნევს, რომ არათუ სალაპარაკო არაფერია სამთავრობო კომისიის სხდომამდე, არამედ, კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებით, მან მხოლოდ ის თქვა, რომ საპენსიო საკითხზე საგნობრივად სასაუბრო მას არაფერი აქვს.


bfm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930