7-02-2022
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე და სტაბილური პერსპექტივა უცვლელად დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჯერ კიდევ მიმდინარე კოვიდ-პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის, ასევე რეგიონში შექმნილი საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის და მისი პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება, გამოხატავს მაღალ ნდობას, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური პოლიტიკა.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური პოლიტიკა და სხვა „BB" რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს. ანგარიშში „Fitch" - ი ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
„Fitch"-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ძლიერი ტემპი აჩვენა. წინასწარი შეფასებით მშპ-ს ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ფაქტორები იყო ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნა, სავალუტო შემოდინებები, ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, ფისკალური სტიმულები და ექსპორტის ზრდა. „ყველა ეს მიმართულება 2022 – 23 წლებში პროგნოზის მიხედვით, შეინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას. „Fitch" - ი თავის ანგარიშში მომდევნო 2 წელიწადში საქართველოს ეკონომიკის 5.5 და 5.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებს, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024