გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: უმოკლეს ვადებში მოხდება ბაკურიანში საბაგიროს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რასაც რეაგირება მოჰყვება

7-02-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 6 თებერვალს ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა - მარიამ ქვრივიშვილი დღეს იმყოფებოდა ბაკურიანში და ადგილზე პირადად გაეცნო არსებულ ვითარებას.


„შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებით. ჯგუფი მოკლე ვადაში მოახდენს გუშინდელი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, რასაც მოყვება შემდგომი რეაგირება. ეკონომიკის სამინისტრო მონიტორინგს ვუწევთ ამ პროცესს და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს ბაკურიანში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ტურისტულ სეზონზე უნდა განვაგრძოთ მაღალი სტანდარტებით შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მომსახურება და მასპინძლობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" (ემთიეი) დირექტორის მოადგილის, თეიმურაზ გამცემლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს შეფერხება - პროცესში, ქართული მხარის გარდა, ჩაერთვნენ ევროპელი სპეციალისტები. „საბაგირო დღეს უკვე მუშაობს და დამსვენებლებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, დროულად შევისწავლოთ, რატომ გამოირთო აღნიშნული ტექნიკა ავარიულად, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - აღნიშნა მან.


ეკონომიკის მინისტრის დავალებით ბაკურიანში დღეს ასევე იმყოფებოდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბეგლარ კაპანაძის განცხადებით, დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ კადრებთან, ელექტროსისტემების ექსპერტებთან ერთად აწარმოებს მოკვლევას ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, შედეგად, მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930