8-02-2022
აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება დაიწყო. 70 ოჯახს უკვე დღეიდან მოუგვარდება ბინების პრობლემა. ოჯახებს ბინები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემათ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში რურუას ქუჩაზე #1 ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე გააცნეს გადაწყვეტილების შესახებ.
კორპუსის მაცხოვრებლები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობდნენ. აღნიშნული ოჯახები ბათუმის მერიის მიერ ქირის იყვნენ გაყვანილი.
მოსახლეობას ბინები გადაეცემათ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში.
პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელით ჩანაცვლდება.
ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში, საჭიროების მქონე ყველა ოჯახი, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.
საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება.
უკვე დაწყებულია პრობლემის მოგვარება ე.წ შანხაის დასახლებაში, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრები 150 ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი.
16-11-2024
16-11-2024