10-02-2022
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები ჩატარდა. სემინარის კურსები მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისათვის კოვიდის თემატიკას და შიდა ტურიზმის მარკეტინგს მოიცავდა. სემინარზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მარკეტინგული შეთავაზებები, პანდემიით გამოწვეული ცვლილებსა და ტურისტული პროდუქტების ონლაინ მარკეტინგზე ისაუბრეს. განხილულ იქნა როგორც შიდა ტურიზმის მნიშვნელობა, ასევე ტურისტული პროდუქტების ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით არსებული ტენდენციები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გიორგი ახალკაცმა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ პროექტს, რომელიც მოიცავს პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის ეფექტიან მხარდაჭერას. 2021 წელს ჩატარდა თემატური ონლაინ ტრენინგები, რომელსაც ტურიზმის კერძო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. სექტორიდან მიღებულმა პოზიტიურმა უკუკავშირმა მოგვცა მოტივაცია ამჯერად უკვე საქართველოში ვუმასპინძლოთ აკადემიის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გამართვასა და დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რაც ძალიან კარგი მაგალითია კერძო და საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის.“-განაცხადა თამარ ყორიაულმა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და გვაქვს შესაძლებლობა ადგილზე ერთობლივად ვიმუშაოთ იმ საკითხებზე რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას იმ ნეგატიური ზეგავლენის შემცირებაში, რაც კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოიწვია.“-განაცხადა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (მტო) მხარდაჭერით 2021 წელს ახალი პროექტი ამოქმედდა, რომელიც ორიენტირებულია პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის ეფექტიან აღდგენასა და განვითარებაზე.
16-11-2024
16-11-2024