14-02-2022
პანდემიის მართვის კუთხით ჯანდაცვის მინისტრს აქვს სრული კონტროლი, მიუხედავად იმისა, რომ 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორზე, მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი, მათ შორის 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმა და სახელმწიფო მოქალაქეებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს.
„რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8 ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 ათასამდე არის ათვისებული, ანუ 2 ათასზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ არის. პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინ-კლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს გაკეთებული აქვს მოდელირება და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა სრულად მობილიზებულია, დღის განმავლობაში კეთდება ძალიან ბევრი ტესტი, მათ შორის იმაზე მეტი, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყნებში და ამ მხრივ საქართველო მართლაც გამორჩეულია.
16-11-2024
16-11-2024