გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

16-02-2022

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო  ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში.


შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში 2022 წლის ორმხრივ თანამშრომლობის გეგმას.


ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ასევე გაფორმდა ლიეტუვას თავდაცვის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელმაც მომავალი პარტნიორობის მიმართულებები უნდა განსაზღვროს.


ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც კაუნასის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლის სახითაც ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დამატებითი მექანიზმი შეიქმნა. მემორანდუმის მონაწილე ქვეყნები საქართველოსთან ერთად არიან  უკრაინა, ლიეტუვა და აშშ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031