21-02-2022
საქართველოს მთავრობა თბილისში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რისთვისაც ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება - პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა.
„ეს არის თემა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა, საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით. ვფიქრობ, რომ დიდი, მსხვილი, მასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება და ვფიქრობ, შეიძლება „დოქებში" ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, რიყის ტერიტორია თბილისის ცენტრალური ადგილია, სადაც ძალიან ბევრი მნახველი, ვიზიტორი არის და შესაბამისად, ეს ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თბილისს საერთაშორისო რუკაზე ამ კუთხითაც მიმზიდველ ადგილად აქცევს. „და მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთი შინაარსობრივი ობიექტები ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის დინამიკას", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
რაც შეეხება აუქციონზე გამოსატან ფასს - ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ე.წ. „დოქების" საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება და შემდგომში, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელოს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ობიექტის მშენებლობის ვადებს უკავშირდება. „ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს 3 წლის, ანუ 36 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არის მოცემული - ეს არის არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. მათ შორის ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე როგორიცაა ქართული ღვინის, ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
16-11-2024
16-11-2024