22-02-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მთავარი პრიორიტეტის მიმართ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ბოლო წლებში კი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს ფარავდა. სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს.
გასულ წელს გაეროს სააგენტოებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული. მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ.
16-11-2024
16-11-2024