25-02-2022
დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ტყემალაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან და ვეტერანებთან ერთად, ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
"ნეტარ არიან ისინი, ვინც სიცოცხლე თავისი ქვეყნის თავისუფლებას შესწირეს. დღეს, ჩვენ ვდგევართ ზუსტად იქ, სადაც 101 წლის წინ, იმ გმირებმა ოქროს ასოებით დაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია. ჩვენ ვაკვირდებით კვლავ აღვირახსნილ მოქმედებებს დამპყრობლებისას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვეკუთვნით ჩვენ თავს. არავის იმედი არ უნდა გვქონდეს ჩვენ თავზე უფრო მეტად. ვიყოთ ერთად და ყველაფერი კარგად იქნება'', _ განაცხადა კობა კობალაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კოჯორში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელი მიენიჭა, რომლის გახსნასაც, დღეს, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.
1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
16-11-2024
16-11-2024