3-01-2018
დონ ქრისტეფორო კასტელი მე -17 საუკუნის დასავლეთ საქართველოს შესახებ წერდა: "ამ ზღვისპირა ქალაქში მთელი წლის განმავლობაში საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინოპოლისაკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი შვილთა და შვილიშვილთა სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია... აქ შვილი ხანში შესულ მამასა და დედასა ჰყიდის, ხოლო თურქები მათ ყიდულობენ რათა თავიანთ რწმენას შემატონ სულები. მამები და დედები თავიანთ შვილებს ჰყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს..."
ქართული ისტორიოგრაფია რატომღაც ერიდება მსგავსი ფაქტების საჯაროდ გამოტანას. სასკოლო სახელმძღვანელოებში, მხოლოდ მეგრული ეპოპეის შესახებ წერენ და მსგავს ფაქტებს, ცდილობენ დამალონ. რატომ ხდება ასე, იყო თუ არა მართლაც "ტყვეთა სყიდვა" იმ დროინდელი საქართველოს სენი ამაზე კომენტარი ისტორიკოს ბექა კობახიძეს ვთხოვეთ:
- საბჭოთა ისტორიოგრაფიის მემკვიდრეობაა ასეთი - მხოლოდ პოზიტიური ნარატივი, რომელშიც წერია, რომ ჩვენი ისტორია არის გმირების და ანტიგმირების ისტორია, ხოლო შუაში პროცესი გათიშულია. ესაა ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ წერენ მსგავს ამბებს ისტორიკოსები. მეორე მიზეზი ისაა, რომ არა გვაქვს, შუა საუკუნეების წყაროთმცოდნეობის ძლიერი ბაზა. როცა შუა საუკუნეებზე ვსაუბრობთ,
ძირითადად ვეყრდნობით "ქართლის ცხოვრებას" რომელიც არის მეფეთა ისტორია და დაწერილია სამეფო კარზე, ბუნებრივია, რომ სამეფო კარზე დაწერილ ისტორიოგრაფიაში, ფაქტები და საზოგადოების განვითარების ნეგატიური შემთხვევები ვერ ხვდება, შესაბამისად, წყაროების ნაკლებობაც არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც ვიცით ისტორიის გარკვეული ნაწილი შეზღუდულად.
სხვათა შორის, როდესაც ისტორიკოსთა ნაწილი ასეთ ფაქტებზე წერს ან ლაპარაკობს, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტების წარმოჩენა ემსახურება თითქოს იმას, რომ ვიღაცას უნდა წარმოაჩინოს ისე, თითქოს ჩვენ ყველაზე უარების ვიყავით, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა.
შუა საუკუნეებრივი წყობა, გნებავთ საქართველოში და გნებავთ ევროპაში, არის ძალიან სასტიკი, დაუნდობელი და გადარჩენაზე ორიენტირებული, მაგრამ რა განსხვავება გვაქვს ჩვენ, შემდგომი განვითარების მხრივ საქართველოსა და ევროპას შორის? - 1917 წელს, როდესაც დასრულდა ცარისტული რეჟიმი, საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ფეოდალური ურთიერთობები ჯერ კიდევ შემორჩენლი იყო და შემდეგ 3-4 წელიწადში პირდაპირ გადავედით საბჭოთა სისტემაში, სამწუხაროდ, რამდენიმე წლიანმა დამოუკიდებლობამ, ჩვენზე მენატლური ცვლილება ვერ მოახდინა.
მოკლედ, საბჭოთა სისტემაში, შევედით როგორც ფეოდალური საზოგადოება (ელიტაზე არაფერს ვამბობ, რადგან თითქმის მთელი ელიტა საბჭოთა სისტემამ გაანადგურა) და ფეოდალურ მენტალეობას დაემატა საბჭოთა კლიშეები (კატეგორიული აზროვნება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ინდივიდუალიზმის ნაკლებობა და სხვა), რომელიც დღემდე მოგვყვება. ბევრი იტყვის, რომ მსგავსი ფაქტები ევროპაშიც ხდებოდა, კი ბატონო, მაგრამ მას შემდეგ ევროპამ გაიარა ინდუსტრიული რევოლუცია, იცხოვრა კაპიტალისტურ სამყაროში, ჰქონდა განმანათლებლობის ეპოქა და სხვა. საბოლოოდ ევროპა დღემდე მოვიდა სხვა ღირებულებებით, სადაც ადამიანია მთავარი ფასეულობა, სადაც საჯაროს ექცევიან პატივისცემით (საქართველოში ხშირად ვნახავთ, რომ ჩემი მთავრდება, ჩემივე კარის ზრუბლთან და იმას, რაც ქუჩაში ხდება, როგორც საკუთარს ისე ვერ აღვიქვამთ) და ასევე პატივს სცემენ სხვის აზრს, მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ის.
- მოგზაურთა ჩანაწერებიდან ან რაიმე სახის სხვა ისტორიული მასალებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ "ტყვეთა სყიდვა" და სხვა მანკიერი ქმედებები საკამოდ გავრცელებული იყო...
- რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ სადღაც იყო ინკვიზიცია, სადღაც იყო მონებით ვაჭრობა და ჩვენ ამ დროს მაღალ მორალურ სიმაღლეებზე ვიდექით ეს ასე არაა. როგორც დღესაა საქართველო, თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ერთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ჭირსა და ლხინს იზიარებს, იმ ეპოქაშიც ვიყავით ჩვეულებრივი ადამიანები იმ მინუსებით და პლუსებით რაც დანარჩენ მსოფლიოს ახასიათებდა... ბუნებრივია, გვაქვს ისეთი რამეები, რითაც უნდა ვიამაყოთ. მაგალითად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, თვით გადარჩენისთვის ბრძოლა და სხვა.
- თუ გვაქვს მაგალითები , რომ ასეთი ფაქტები გამო ადამიანები ისჯებოდნენ?
- სოლომონ I -ის დროს, ადამიანებით ვაჭრობა დიდწილად აიკრძალა და იყო უმკაცრესი სასჯელები, თუმცა ტყვეთა სყიდვა ბოლომდე მაინც ვერ შეწყდა. სამწუხაროდ, საქართველოში არა მხოლოდ ტყვეთა სყიდვა იყო გავრცელებული, არამედ სხვა, არანაკლებ მძიმე დანაშაულებიც. მოვუსმინოთ გიორგი ბრწყინვალის მიერ მე -14 საუკუნეში გამოცემულ საკანონმდებლო აქტს "ძეგლისდებას", რომელიც მეფემ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის შექმნა. მთა ხომ, საერთოდ, კონსერვატიზმით გამოირჩევა."დედმამათა სიკუდილიშვილისაგან უწესო არის და ღმერთმან ნუ აყოფინოს ამის კადრება და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და დაემართოს რაც უარესია, ყველას დამართება და ყოფა, პირიანი გაპატიჯება, გაძება შეუნდობლად, შემოუშვებლობა, აღმოფხვრა და აღმოწყვეტა..." "ვისაც ღმერთი შერისხდეს და ძმამ ძმა მოჰკლას, იგი მკულელი ათს წელიწადს მამულიდამ გაიძოს და მამული საგამგებელს შემოეხვეწოს... "კაცმან თუ ცოლი დააგდოს უბრალოდ და მისი შეუცოდარი იყოს და გაეყაროს, ესეთსა ნახევარი სისხლი დაუურვოს მის დიაცის გუარსა ზედა." "კაცმან თუ კაცსა ცოლი წაართვუას, იგი ცოლწაგურილი კაცი რასაც ვის ემტეროს ერთს წლამდის, დაწუასა, მოტაცებასა, დარბევასა, არა მიუფასოს, რა რიგად წარუღოს სისხლის ქნისაგან მეტი და ერთს წელიწადს უკან რას ემტერების, იგიც მიეფერების, ნახევარ სისხლის დაურვება მართებს მათს გუარსა ზედა ცოლის წაგურისათუის და სისხლისა მიეფასების..."
ანუ აღმოსაველთ საქართველოში გავრცელებული იყო შვილისგან მშობლის კვლა, ძმისგან ძმის მოკვლა, ცოლის წართმევა და ეს ყველაფერი იმდენად იყო გავრცელებული, რომ მეფეს მოუწია ცალკე კანონმდებლობის შემოღება ამ საქმეებისთვის.
- სამეფო კარი და მაღალი რანგის სასულიერო პირები თუ იყვნენ ჩართული, თუნდაც ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის პროცესებში?
- სამღვდელოება როგორც დღეს, ყოველთვის იყო საზოგადოების ნაწილი და იმ დადებითი და უარყოფითის მატარებელი, რაც იმ ეპოქსითვისაა დამახასიათებელი. თუ დავუშვებთ, რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ ამაში ჩართული იყვნენ ფეოდალებიც, ხოლო შუა საუკუნეებში მაღალი სასულიერო იერარქები დიდწილად სწორედ ფეოდალური ოჯახის წარმოადგენლები იყვნენ, შესაბამისად, მათთვის სულ მინიმუმ ცნობილი იქნებოდა ის, რაც მათ გარშემო ხდებოდა.