7-04-2022
კეთილი ინებონ და დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მტკიცებულებები. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც რამე ფაქტორის გამო შეიძლება გაატარო. რა თქმა უნდა, კამათში არ შევდივართ. სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“ გააჩნიათ იმ დონისა და ძალის გავლენა უკრაინის ხელისუფლებაზე და პირდაპირ წარმოადგენენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილს, რომ მათ შეუძლიათ ასეთი განცხადებების გაკეთება უზრუნველყონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სერიოზული ნაწილი დღეს „ნაცმოძრაობისა“ და მისი განაჩენით დამნაშავე ლიდერებისგან არის დაკომპლექტებული.
„ამხელა ქვეყნის ხელისუფლების რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე არის მოქმედი პატიმარი, დამნაშავე და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ამხელა ქვეყნის უსაფრთხოების, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სისტემის უფროსის მოადგილედ დაინიშნა მისი კადრი, ლორთქიფანიძე. ამხელა ქვეყნის უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი არის მისი კადრი, როგორც თავად ამბობს და ადასტურებენ ისინიც. ამხელა ქვეყანაში გენერალურ პროკურორს გვერდით უზის და მრჩევლად ჰყავს ზურაბ ადეიშვილი. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სერიოზული ნაწილი, დღეს „ნაცმოძრაობისა“ და მისი განაჩენით დამნაშავე ლიდერებისგან არის დაკომპლექტებული. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენი მეგობრობა გრძელდება და გაგრძელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც ცალმხრივია, ასე გამოდის. ჩვენ წლების განმავლობაში ამას ვუფრთხილდებოდით ამ ურთიერთობას. ვუფრთხილდებოდით საერთო გასაჭირს, ტკივილს, იქ ყირიმის ტკივილს, აქ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ტკივილს და გამოვიდა რა, დღეს ამ რთულ ვითარებაში, ამ რისკის პირობებში საქართველოზე კეთდება ასეთი განცხადებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024