გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: იმედს ვიტოვებ, უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა და ბოდიშს მოიხდის საქართველოს წინაშე. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება

7-04-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის მთავრობის მიერ, კონტრაბანდული იარაღის რუსეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ელის უკრაინის მთავრობისგან განმარტებას და რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს საკითხი მათი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება.


„ეს იყო გაუგონარი ცილისწამება, რაც არა მხოლოდ მიზანმიმართული პროვოკაციაა, არამედ, გაუთვლელი პოლიტიკური ნაბიჯია განმცხადებლის მხრიდან. როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ ქვეყანას, მინიმუმ მტკიცებულებები უნდა გქონდეს და უნდა იცოდე ისიც, თუ როგორ კონტროლდება საქართველოს საზღვრები განსაკუთრებით ახლა, ამ გლობალური პოლიტიკური პროცესების დროს. უკრაინის მთავრობიდან თუკი ვინმეს სჯერა, რომ მათზე ნაკლებად მტკივნეულია რუსეთის აგრესია ჩვენთვის, ცდებიან.


სამწუხაროდ, ის შემზარავი კადრები ყველა ნანახი გვაქვს საკუთარ სამშობლოში. დაუშვებელია ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ასეთი ქმედება. მაშინ, როდესაც საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან ასეთ შეურაცხყოფას. დღეს უკრაინის „რადამ“ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს პარლამენტის წინ გამართული პერფომანსისთვის.


ესეც საჭიროა, მაგრამ ჩვენ არ გვსმენია მათგან მადლობა იმ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოს მთავრობისგან იღებენ და არც იმ ასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რასაც ქართველი ხალხი უგზავნის უკრაინელ ხალხს სწორედ ხელისუფლების ორგანიზებით და უშუალო ქველმოქმედებით. გასაგებია, რომ ომში ანგარიშს უწევენ მეომარ ქვეყანას, მაგრამ ამ კონკრეტული ცილისწამების შემთხვევაში, ეს დათმობა იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაკარგვის ტოლფასი საერთაშორისო არენაზე. იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა და ბოდიშს მოიხდის საქართველოს წინაშე. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება. მიუხედავად ამ პოლიტიკური შეცდომისა და საქართველოს განაწყენებისა, გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას ჩვენს საერთო ოკუპანტთან ბრძოლაში. მშვიდობა ჰქონოდეს უკრაინელ ხალხს საკუთარ სამშობლოში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930