8-04-2022
ბრიტანულმა Independent-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა. გამოცემის ჟურნალისტმა მეგან ივზმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, აბანოები, იმერეთი, გელათის სამონასტრო კომპლექსი და სამთო კურორტი ბაკურიანი.
„კოხტას წვერზე სრული სიჩუმეა, რომელსაც ძლიერი ცივი ქარის ხმა არღვევს, დაბლობი დათოვლილი მთებითა და ნაძვის ტყეებითაა გარშემორტყმული. მთის კალთები კოლორადოს მაგონებს. -7 გრადუსია, მაგრამ მზეა, უღრუბლო ლურჯ ცას მთები ხვდებიან, როგორც ამოყირავებული ოკეანე. საქართველო როგორც ძალიან ცნობილი სათხილამურო ქვეყანა არ არის, მაგრამ რატომ ვერ ვხდები, არადა შავი ზღვიდან აზერბაიჯანამდე კავკასიონის მაღალი მთებია გადაჭიმული და მთის ცხოვრების წესი განსაზღვრავს ამ რეგიონს. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა 5193 მეტრია და 386 მეტრით მაღალია ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე“-წერს მეგან ივზი.
ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა სამცხე-ჯავახეთშიც იმოგზაურა, გაეცნო ადგილობრივ კულტურას, კულინარიასა და ღვინოს.
„საქართველოში 400, 500 სახეობის ვაზის ჯიშია, მათ შორისაა სახელგანთქმული საფერავი, გამორჩეული წითელი ღვინო. ღვინოთა უმრავლესობა ბიოდინამიკური, ნატურალური მეთოდით მზადდება. ძალიან ხშირად ქართველი მეღვინეები უძველეს ტექნოლოგიას იყენებენ, ღვინოს მიწისქვეშ არსებულ თიხის ჭურჭელში ქვევრში ინახავენ. საქართველოს სამხრეთით, მესხეთში მეღვინეები ისტორიული ვაზის ტერასებს ამუშავებენ. ამზადებენ ღვინოს, რომელსაც საოცარი გემო აქვს“.-წერს Independent-ის ჟურნალისტი.
სტატიის ბოლოს მეგან ივზი მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის თუ რომელი ავიაკომპანიების რეისებით შეიძლება საქართველოში მოხვედრა და ყურადღებას ამახვილებს ევროპის ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ პირდაპირ ავიარეისებზე.
პოპულარული გამოცემის Independent-ის სტატიებსა და პოსტებს თვეში, სოციალურ ქსელებში, ჯამში 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ბეჭდურ გამოცემას ბრიტანეთში ყოველწლიურად 28 მილიონი მკითხველი ჰყავს.
16-11-2024
16-11-2024