გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
რუსული პრესა: რატომ სძულს ვახტანგ კიკაბიძეს საბჭოთა კავშირი

21-06-2018

ვახტანგ კიკაბიძე, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში მაინც უყვართ: „მიმინოს“ გმირი საბჭოთა კინოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება. მაგრამ... საქმე იმაშია, რომ კაცი, რომელიც სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის ხოლმე, რომ ყოფილი თანამოქალაქეების აღშფოთებას იწვევს. აი, გუშინ, 20 ივნისს მან გერმანულ რადიოში ილაპარაკა, თუ როგორ სძულს ყოფილი საბჭოთა კავშირის ღერბი და როგორ გაეხარდა ჩვენი საერთო სახელმწიფოს დაშლა.


აბა, როგორ უნდა შეაფასო ასეთი ნათქვამი?


მომავალ თვეში ვახტანგ კიკაბიძეს 80 წელი შეუსრულდება და მისგან უკვე, შეიძლება ითქვას, საიუბილეო ინტერვიუებს იღებენ. ჟანა ნემცოვამ (ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის შვილმა) „დოიჩე ველეს“-სთან 40-წუთიან ინტერვიუში მსახიობთან საუბრისას თითქმის ნახევარზე მეტი დრო პოლიტიკაზე ლაპარაკს დაუთმო. გასაგებია, რომ ვახტანგ კიკაბიძე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარი თქვა რუსულ მეგობრობის ორდენზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოკუპანტს, ხოლო ვლადიმერ პუტინს - დამპყრობელს უწოდებს, ძალიან ფასეული პიროვნებაა ანტირუსული პროპაგანდისათვის, რუსეთის მიმართ სწორედ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულების გამო. დიახ, რუსეთთან მისი, რბილად რომ ვთქვათ, „არამეგობრული“ პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამ ინტერვიუში საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტმა „მიწასთან გაასწორა“ საბჭოთა წარსულიც... რა თქმა უნდა, ჟურნალისტ ანა ნემცოვას წაქეზებით.


აი, ამონარიდი ინტერვიუდან:


- როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, როგორი შეხვდით ამ ცნობას? გახსოვთ, სად იყავით იმ მომენტში?


- სად ვიყავი? თბილისში. ძალიან გამეხარდა, მაგიდაც კი გავშალე. მახსოვს, ბიჭები დავსხედით და კარგადაც ვიმხიარულეთ. ბევრი ამბები მოვყევით საბჭოთა კავშირის შესახებ. ეს, რასაკვირველია, შოკი იყო, მაგრამ მაინც ადრევე ვგრძნობდით, რომ მოხდებოდა. და მაინც, როცა ადამიანი საბჭოურ ქვაბში ბავშვობიდან იხარშებოდა, მისთვის მაინც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამხელა მახინა დაიშლებოდა. ჩემი აზრით, ალბათ, რუსეთსაც იგივე მომავალი ელოდება.


- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ საბჭოთა კავშირში სულიერება იყოო. რატომ თვლით ასე?


- მე მძულს საბჭოთა კავშირის ღერბი, ჩაქუჩ-ნამგალი. მართლაცდა, როგორი ტვინის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვინც ასეთი ღერბი მოიგონა... თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ იმ დროს ხალხი ერთმანეთს უფრო მეტს პატივს სცემდა.


- ვიდრე ახლა?


- დიახ, ვიდრე ახლა. სულიერება ნამდვილად იყო. ჩვენ არც გვიფიქრია რატომ, მაგრამ ვიცოდით, რომ ვალდებულნი ვიყავით ამ ქვეყანაში გვეცხოვრა. ერთი, ვთქვათ, ტაჯიკი იყო, მეორე - ებრაელი, მესამე... მოკლედ, ჩვენ ერთმანეთისათვის პატივი უნდა გვეცა. ასე ვიზრდებოდით. ყველაფერი დანარჩენი კი ცუდი იყო, ძალიან ცუდი.


გარდა ამისა, ინტერვიუში ვახტანგ კიკაბიძემ ისიც თქვა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლის“ გამო დაგროვილი მთელი უკმაყოფილება და წყენა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოზე გადმოიტანაო. მსახიობს მხედველობაში აქვს 2008 წლის ომი, როცა რუსეთის ჯარებმა, სამხრეთ ოსეთის შემდეგ, გორიც დაიკავეს. აი, ახლაც დიდ რუსეთს, პატარა კავკასიური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რაღაც ცუდი აქვს ჩაფიქრებული: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი უსიამოვნებანი წინ გველოდება. თითღქოს ჩვენ ვიღაცამ გავწყევლა. რით დამთავრდება ყველაფერი, არავინ იცის. თუ ჩვენ დროულად არ მიგვიღებენ ნატოში, საქართველო შეიძლება გაქრეს“.


ვახტან კიკაბიძის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებს, მაშინ „მისი პორტერეტი ყოველი ქართველის სახლში იქნება დაკიდებულიო“ მაგრამ უბედურება ისაა, რომ თვითონ აფხაზებსა და ოსებს არ სურთ იმ საქართველოში დაბრუნება. თუმცა მათი აზრი ვახტანგ კიკაბიძეს არ აინტერესებს - ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ ყველა შეიძლება ერთ სტადიონზე დაეტიოს.


მსახიობის აზრით, რადგანაც აფხაზურ ენაზე სიტყვა „ნავი“ არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვის ნაპირზე მცხოვრები აფხაზები ადგილობრივები არ არიან და იქ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ ისინი საქართველოს მეფემ დაასახლა.


მაგრამ მაინც ყველაზე საკვირველი ვახტანგ კიკაბიძის ინტერვიუში მისი სიტყვებია საბჭოთა კავშირის დაშლაზე. არა მარტო იმიტომ, რომ ქართველი მსახიობის ნათქვამი ძალიან ჰგავს მისი რუსი კოლეგის - მიხეილ ეფრემოვის ნათქვამს („ყველაზე კარგი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, საბჭოთა კავშირის დაშლა არისო“, ასე ბრძანა ეფრემოვმა). არა, კიკაბიძის შემთხვევაში სიტუაცია უფრო უარესია. იგი ეფრემოვზე უფროსია, მას მამად ეკუთვნის და შესაძლოა, ასაკის გამო აღარ ახსოვს, რა ხდებოდა თბილისში სსრ კავშირის დაშლის ჟამს.


ფაქტობრივი მდგომარეობისადმი შეურიგებლობამ საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა, როცა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპირი თამაშების ფონზე სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოისურვა. როგორც ჩანს, რუსეთის ბრალი 1992 წელს და 2008 წელს მხოლოდ იმაშია, რომ მოსკოვმა ნება არ მისცა თბილისს აჯანყებულ აფხაზებს და ოსებს გასწორებოდა. და ალბათ, ამიტომაც უწოდებს საქართველო რუსეთს „ოკუპანტს“.


სხვათა შორის, ასეთი აზრი აქვთ ზოგიერთ იმათგანსაც, ვინც თავისი ისტორიული სამშობლოდან „აგრესორ ქვეყანაში“ გადმობარგდა. დღეს რუსეთში უმარავი, ასეულობით ათასი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, უპირველესად, რა თქმა უნდა, მოსკოვში. მათ არავინ დევნის („კანონიერი ქურდების“ გამოკლებით). პირიქით, რუსეთში ქართული ბიზნესი აღმავლობას განიცდის. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა არანაირად არ უშლის ხელს ქართველებს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ათასობით კაფე-რესტორანი თუ სხვა საწარმოები გახსნან და რუსეთის დახმარებით „ფული გააკეთონ“. თბილისში კი ასეთი სიტუაციის წარმოდსგენა შეუძლებელია. არამხოლოდ იმიტომ, რომ იქ რუსები საერთოდ ძალიან ცოტანი დარჩნენ, არამედ უფრო იმიტომ, თუ როგორი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ რუსეთის სახელმწიფოსადმი ზოგადად.


საინტერესოა, რა მოხდება, თუ რუსეთსაც იგივე დამოკიდებულება ექნება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, როგორც საქართველოს? ასეთ შემთხვევაში მთელ საქართველოს ქამრის უფრო ვიწროდ შემოჭერა მოუწევს, რადგან სწორედ რუსეთში მყოფი ქართველები კვებავენ ისტორიულ სამშობლოში დარჩენილ ნათესავ-ახლობლებს... აი, ასეთი უბრალო არითმეტიკაა.


საერთოდ კი, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ვინმეს საბჭოთა კავშირის კრახი უხაროდა. მაგრამ იმის თქმა, რომ ვქეიფობდითო, ცოტა უცნაურია, როცა ბრძოლებით მოცულ საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში ზიხარ. არადა, მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ ვახტანგ კიკაბიძეს უნდა გაეცნობიერებინა, თუ ვინ რაშია დამნაშავე.


p.s. იბეჭდება შემოკლებით

წყარო: «Взгляд» (რუსეთი)


-------------------------------------------------------------------------------
გერმანული რადიოსათვის ვახტანგ კიკაბიძის მიერ მიცემულ ინტერვიუს რუსეთში საკმაო გამოხმაურება მოჰყვა. რუსული მასმედია ციტირებს ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის კომენტარს: „ვახტანგ კიკაბიძე ისეთი [ცნობილი], როგორიც ახლაა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში გახდა. წლები მოემატა, მაგრამ სიბრძე არა“ (წყარო: https://www.kp.ru/online/news/3151410/).
რაც შეეხება თვით მსახიობის ინტერვიუს, მისი სრული ვერსია გამოქვეყნებულია „დოიჩე ველეს“ ვებ-გვერდზე: http://www.dw.com/ru/a-44301257.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930