გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სინოდის კრება: ქვეყანაში უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ

22-06-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ იმსჯელა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე.
ამის შესახებ სინოდის კრების ოქმშია აღნიშნული.
როგორც ოქმში წერია, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.
„როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი.

ასევე სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად“- ნათქვამია ოქმში.
ამასთან კრებაზე დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.

„საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისისთ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.

უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათ შორის შერჩევითი აბორტისა.

გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.

გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა – ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლების შესაძენად სათანადო სწავლების აუცილობლობაზე. საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გრიგოლს.

თემის გარშემო აზრი გამოთქვეს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და სხვებმა.

სინოდის კრებამ მოიწონა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ამ საკითზე მიმდინარეობს საუბრები და რომ სასწავლებლებში დროულად დასაწყებია მსგავსი მიდგომების დანერგვა. ასევე, შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა და სასწავლო პროგრამების დამუშავება საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად და რაც მთავარია, სულიერების ამაღლება, რადგან სულიერი ცოდნა დაგვიცავს გონებისა და გულის ამპარტავნებისაგან“- ნათქვამია ოქმში.

ოქმის მიხედვითვე, კრებაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ისაუბრეს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტოპოლიტ გერასიმეს.

მან აღნიშნა: საპატრიარქოში შემოსულია სამი წერილი:

კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან;
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოდან.
იქნა წაკითხული წერილები და სინოდის წევრები გაეცნენ შექმნილ ვითარებას უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ.

კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები.

კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დადგინდეს გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.

მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!“- ნათქვამია ოქმში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031