გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«izvestiia»(რუსეთი): ცხინვალში "დამოუკიდებლობის დღის" აღსანიშნავად 9 ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან

22-06-2018

რუსული გამოცემის, «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დე-ფაქტო ხელისუფლების განზრახვას - მასშტაბურად აღნიშნოს რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი.


„დაგეგმილ საზემო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისათვის „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიწვევები გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და სირიის პრეზიდენტებს, აგრეთვე ოთხი არაღიარებული რესპუბლიკის - დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონბასისა და ლუგანსკის ლიდერებს. არსებობს იმის ალბათობა, რომ „სამხრეთ ოსეთს“ სრულიად რუსეთის პარტიარქი კირილეც ეწვიოს“, - ნათქვამია მასალაში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ დიმიტრი ლარუს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. როგორც „იზვესტიას“ კავკასიური რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ცხინვალს დაგეგმილი აქვს ფართოდ აღნიშნოს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარების ათი წლის იუბილე. არსებობს იმის იმედი, რომ ყველა მიპატიჟებული ლიდერი ცხინვალს ეწვევა და ზეიმში მონაწილეობას მიიღებს. განსაკუთრებით საპატიო სტუმრები იქნებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. როგორც ცნობილია, ათი წლის წინ სწორედ რუსეთის იმდროინდელმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი ბრძანებულებას „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების თაობაზე.


- ანატოლი ბიბილოვმა მოსაწვევი გაუგზავნა უწმინდეს კირილეს - სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქს. მიიპატიჟა პრეზიდენტები დანიელ ორტეგა (ნიკარაგუა), ნიკოლას მადურო (ვენესუელა), ბაშარ ასადი (სირია), რაულ ხაჯიმბა (აფხაზეთი). ასევე ვადიმ კრასნოსელსკის (დნესტრისპირეთის ლიდერი), ბაკო სააკიანს (მთიანი ყარაბაღი), ალექსანდრე ზახარჩენკოს (დონბასი), ლეონიდ პასეჩნიკს (ლუგანსკი), - აცნობა "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის" პრეს-მდივანმა დინა გასიევამ „იზვესტიას“. გარდა ამისა, ცხინვალში ასევე ელოდებიან ბოსნიელი სერბების - ბოსნია-ჰერცეგოვინას შემადგენლობაში არსებული „რესპუბლიკა სერბსკას“ მეთაურს მილორად დოდიკს.


"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის" პრეს-სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ცხინვალში მიწვეულნი არიან რუსეთის მთავრობის წევრები (მინისტრები), გუბერნატორები, რეგიონების ხელმძღვანელები და საზოგადო მოღვაწეები.


„იზვესტიამ“ კომენტარი სთხოვა კონფლიქტოლოგიის და სამშვიდობო ინიციატივების ინსტიტუტის დირექტორს დენის დენისოვს. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებთაც უფლება აქვთ საკუთარი სახელმწიფოებრიობა განავითარონ და განამტკიცონ. გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთი, თავისი მცირე მასშტაბის გათვალისწინებით, საერთაშორისო არენაზე საკვანძო მოთამაშედ არ ითვლება, თუმცა, ამის მიუხედავად, ორმხრივ აღიარებაზე ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, საბოლოო ჯამში, გავლენას მაინც მოახდენენ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930