22-06-2018
ბელგიური გამოცემა, «New Europe» სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეა.
გაზეთის აღმასრულებელი რედაქტორი, რომლის ავტორობითაც სტატია გამოქვეყნდა, მიუღებლად მიიჩნევს იდუმალი „რუხი კარდინალების“ არსებობას, რომლებიც, ავტორის აზრით, საქართველოს ახასიათებს.
ამასთან, ავტორი საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს დღევანდელ რეალობას, თუმცა არც წინა მთავრობას და კონკრეტულად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ივიწყებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
"პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელიც საქართველოს მართავდა, შემდგომში ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელ მტრად და მოწინააღმდეგედ იქცა. იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში აქებდნენ, შემდეგ კი მან თავისივე დესპოტიზმის, თვითგანდიდებისაკენ მიდრეკილებისა და არასერიოზული ქცევის (ბუფონადის, კლოუნადის) გამო, ევროპასა და აშშ-ში საკუთარი რეპუტაცია თვითონვე შელახა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედმა პარტიულმა კოალიციამ - „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით დაამარცხა მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-წერს ავტორი.
აქვე, გაზეთის აღმასრულებელი რედაქტორი სკეპტიკურად უყურებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და კითხულობს, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა პრემიერი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.
წყარო: www.newspress.ge