19-04-2022
დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი" და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
„დღეს გაიმართა მთის საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც წარვადგინეთ ანგარიში 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. დაახლოებით 3 მილიონი ლარი მიიმართა ფონდიდან ამ ღონისძიებებისთვის და დაფინანსდა, როგორც გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასევე - ახალი ბაღების გაშენება. ამავდროულად, განვიხილეთ 2022 წლის გეგმა. დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი" და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
16-11-2024
16-11-2024