გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედოფლისწყაროში„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას გაეცნენ

19-04-2022

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის პირობები გააცნო.


პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურების გავლით, ფერმერებს შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით ისარგებლონ. კახეთის მხარეში,ამ ეტაპზე, იდენტიფიცრებულია 610 საძოვარი, საერთო ფართობით 26 212 ჰექტარი, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 11382 ჰექტარი.


სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ მხოლოდ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელმა ფერმერებმა და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აუქციონში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ შერჩეული პრეტენდენტები. საძოვრების გადაძოვებისგან დასაცავად, პროგრამაში ჩადებულია დამცავი მექანიზმი ერთი სული საქონლისთვის ზღვრული დატვირთვის ნორმის სახით. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი ან/და ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.


დღეისათვის, უკვე გამოქვეყნებულია 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი; განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და 26 აპრილსდასრულდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ხელმისაწვდომი საძოვრების სია ეტაპობრივად განახლდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930