გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები შემცირდება

22-06-2018

სომხეთის მაცხოვრებლები, რომლებიც თვეში 600 კუბომეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, ახლანდელი 100 დრამის ნაცვლად, თითოეულ კუბომეტრში 80 დრამს გადაიხდიან (ანუ 4 ცენტით ნაკლებს). ამის შესახებ დღეს „გაზპრომ-სომხეთმა“ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიას ბუნებრივი აირით ამარაგებს.


სტრუქტურა არ განმარტავს, თუ რით არის განპირობებული ეს გადაწყვეტილება. მაგრამ აშკარაა, რომ ეს ახალი ხელისუფლების პოლიტიკას ესადაგება. მინისტრთა კაბინეტმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ადრე უკვე მეოთხედით შეამცირა ელექტროენერგიის ტარიფები. გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისს შედის.


მცირე შემოსავლის მქონე ოჯახები წყლისთვისაც ნაკლებს გადაიხდიან. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და სომხეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არტურ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სასმელ წყალზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


ამრიგად, დაახლოებით 120 ათასი ოჯახი ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიისთვის ნაკლებს გადაიხდის.


სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა ტარიფების უფრო მეტად შემცირება:

„ეს კარგია (ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირება – JAMnews), თუმცა აუცილებელია დამატებითი მსჯელობა. კერძოდ, საჭიროა იმის გარკვევა, არსებობს თუ არა კორუფციული რისკები „ელექტროქსელებსა“ და კომპანია „გაზპრომ-სომხეთში.“


მანამდე ფაშინიანი ბუნებრივი აირის ტარიფების შემცირების საკითხს შეეხო. ის იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ რუსეთი სომხეთზე საკმაოდ დაბალ ფასად ყიდის ბუნებრივ აირს, თუმცა ჩვეულებრივი მომხმარებლები ამას ვერ გრძნობენ. ფაშინიანმა ამას „შიდასომხური“ საკითხი უწოდა, და აპირებს, რომ ამით დაკავდეს:


„საზღვარზე სომხეთი რუსეთიდან იაფ ბუნებრივ აირს იღებს, მაგრამ საზღვრიდან მომხმარებლის სახლამდე ბუნებრივი აირის ფასი ორმაგდება. ეს პრობლემა უნდა განვიხილოთ და სომხეთის შიგნით გავარკვიოთ. ეს რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას არ ეხება… საქმე, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიან მენეჯმენტს ან კორუფციასაც კი ეხებოდეს“.


ამასთანავე, ფაშინიანის თქმით, სომხეთი რუსეთისგან ბუნებრივ აირზე კიდევ უფრო არსებით ფასდაკლებას მოელის.


„რასაკვირველია, უფრო იაფი ბუნებრივი აირის მიღების იმედი გვაქვს. ვხვდებით, რომ ეს სომხეთისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფასია. მაგრამ ჩვენ უფრო ექსკლუზიური გვსურს. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ, და იმედია, წარმატებას მივაღწევთ“, – თქვა პრემიერმა.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930