22-06-2018
აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მეტროს ვაგონში ახალგაზრდა გოგონას შეურაცხყოფას აყენებენ და ცემას უპირებენ იმის გამო, რომ მას ზედმეტად მოკლე შორტი აცვია.
ყოველ ზაფხულს, თითქოს განრიგის მიხედვით, ბაქოში იმის თაობაზე მწვავდება დავა, შეიძლება თუ არა შორტების ჩაცმა, და რამდენად შეესაბამება ეს ეროვნულ მენტალიტეტს. აზერბაიჯანულ საზოგადოებაში შორტი ერთგვარ „წყალგამყოფად“ იქცა – ერთი ნაწილისთვის თავაშვებულობისა და გარყვნილების სიმბოლოდ, სხვებისთვის კი – თავისუფლების.
მეტროში მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობისას ბევრი ბლოგერი, ჟურნალისტი და საჯარო პირი ამბობდა, რომ მთავარი შორტები კი არ არის, არამედ ის, რომ ამის უკან გაცილებით სერიოზული პრობლემები დგას. მაგალითად, ფილოსოფოსმა მუშვიგ შუკუროვმა ამ ინციდენტს რამდენიმე ასეთი შინაარსის პოსტი მიუძღვნა, რომ სხვისი ტანისამოსით აღშფოთება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შეზღუდული აზროვნებისა და გაუკუღმართებული ზნეობის მანიშნებელია.
დანარჩენ მომხმარებლებს რაც შეეხებათ, გთავაზობთ რამდენიმე სახასიათო კომენტარს:
„საზოგადოებაში უამრავი სულმდაბალი ადამიანი და ისეთი „მამაკაცია“, რომლებიც ქალს მხოლოდ სექსუალურ ობიექტად აღიქვამს. ასეთ საზოგადოებაში განვითარება და კულტურა არ არსებობს, და არც შეიძლება არსებობდეს“;
„ევროპელ ქალებს რომ უყურებ, მაშინვე ხვდები, რომ ისინი გარკვეულ ტანსაცმელს იმიტომ იცვამენ, რომ მათთვის ეს მოსახერხებელია. ჩვენთან კი ზოგიერთი გოგონა ყურადღებას ზედმეტი მაკიაჟით, ზედმეტად ღია სამოსით, ან სიარულის მანერით იქცევენ, შემდეგ კი ამ ყურადღებით აღშფოთებულები არიან ხოლმე“;
„ეს იმ პროგრესისთვის ბრძოლის გაგრძელებაა, რომელსაც ოდესღაც ეწეოდნენ ჩვენი ქალები, როდესაც ჩადრის მოხსნას ცდილობდნენ“.
წინა წლებში კონსერვატორულად განწყობილ ადამიანებს, ძირითადად, შორტებში გამოწყობილი მამაკაცები აღაშფოთებდათ. ერთ-ერთმა დეპუტატმა, ჭკუის სასწავლებლად, მათთვის ფეხებზე მჟავის შესხმის წინადადებაც კი წამოაყენა. თავის მხრივ, შორტების მომხრეები ფლეშმობებს აწყობენ, სოციალურ ქსელებში მწვავე ბატალიებს მართავენ და სხვადასხვა გზით ცდილობენ, დაიცვან საკუთარი და სხვების უფლებაც – ეცვათ ის, რაც სურთ.