3-05-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“. მინისტრმა დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა.
მიმართვის დროს მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს დეტალურად გააცნო პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.
მიხეილ ჩხენკელი: „COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნება. პანდემიამ ჩვენც, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს, გვიბიძგა განათლების სისტემაში ძალიან სწრაფად დაგვენერგა ინოვაციური მიდგომები, გამოგვეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიები.
კრიზისის მართვის პროცესში საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია და დისტანციურ ფორმატზე გადასვლა. დისტანციური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა, რომლის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები და მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის Microsoft Office 365-ის მომხმარებლის 580 000-ზე მეტი პროფილი შეიქმნა. ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში მოვამზადეთ მრავალფეროვანი სასწავლო ონლაინრესურსები.
აღსანიშნავია, პირველ არხთან თანამშრომლობით დაწყებული უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელსაც დისტანციურ სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. პროექტმა ხელი შეუწყო იმას, რომ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა. „ტელესკოლა“, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის – ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკის გაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის, ასევე, ინგლისური ენის გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სხვადასხვა საგნისტელე-გაკვეთილებს. გაკვეთილების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები და გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე.
ვფიქრობ, პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში დაწყებული ეს უნიკალური პროექტი დღემდე წარმატებით გრძელდება.
ჩვენ შევძელით და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი ვაქციეთ შესაძლებლობად. სწორედ პანდემიის პირობებში შევიმუშავეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალება და სისტემის უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა მოგვცა.
ბუნებრივია, პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტად მიღების პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს, რომლებიც ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან. სწორედ მათი, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ.“
მიხეილ ჩხენკელმამიმართვის დროსხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
„კრიზისმა ასევე თვალნათლივ დაგვანახა გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს – USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მხრიდან ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დაეხმარა სისტემას, დაეძლია პანდემიით გამოწვეული პრობლემები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით აქტიურადაა ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში. მნიშვნელოვანიაყველა ის აქტივობა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ არა მხოლოდ ქართულენოვანი, არამედ არაქართულენოვანი სკოლების დაწყებით საფეხურზე.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შევიძინეთ ათასობით კომპიუტერი, რითაც მოხდა სკოლების აღჭურვა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, არა მხოლოდ სახლიდან, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, სასკოლო სივრციდან ჩართულიყვნენ ონლაინგაკვეთილებში. ამასთან, მსოფლიო ბანკის დახმარებით, შემუშავდა სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის გეგმა, რომლის მიზანია ყველა მოსწავლისთვის თანაბარ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), როგორც ჩვენი მუდმივი პარტნიორი, პანდემიის პერიოდში, მთელი 2 წლის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული სკოლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში განათლების სფეროში. UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნა ე.წ. „დაწევის კურიკულუმი“, რომელიც უზრუნველყოფს განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო დანაკლისების აღმოფხვრას.“
მინისტრმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ძალისხმევას პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში დადებითი შეფასება მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
„აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც – ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD), COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. საქართველოს საპასუხო ზომებს ასევე მაღალი შეფასება მისცეს კორპორაცია Microsoft-მა და UNICEF-მა.
სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაშისაკლასო ოთახი. მოხარული ვარ, რომ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვით.
რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში, სისტემაში არსებული მდგომარეობის დიაგნოსტირების საჭიროება დადგა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მიღწევების აღწერასა და შემდგომი ნაბიჯების მიზნობრივად დაგეგმვას.
დარწმუნებული ვარ, კონფერენცია საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის და საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე შევიმუშავებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოვემზადოთ და სკოლებში დავნერგოთ ისეთი პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პანდემიის შემდგომ სასკოლო სივრცეში ეფექტიანად ადაპტაციაში.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს, ყველა იმ მკვლევარს, რომელიც გაგვიზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, თქვენი რეკომენდაციები დაგვეხმარება სისტემის გაუმჯობესებაში.“ -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
16-11-2024
16-11-2024