გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

4-05-2022

საინვესტიციო ფორუმს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი დაესწრო.


ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა - ,,მადლობა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს ბატონ მილოშ ვისტრჩილს და დელეგაციის წევრებს წარმატებული ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის. დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის დასტურია. მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება ჩეხეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველომ, სულ რამდენიმე დღის წინ უკვე ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩეხეთი, იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში. ეს არის როგორც ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის, ასევე ჩვენი ხალხის და ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი. საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი ბათუმში უკვე მეორედ იმართება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ბათუმს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა როგორც ვიზიტორების მასპინძლობის, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით და დღევანდელი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ახალი ეკონომიკური ინიციატივების შემუშავებას".


ბიზნეს ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. მინისტრმა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.


ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაციას გაეცნენ.


ბიზნეს ფორუმს ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოსა და ჩეხეთში ლოჯისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიები, სულ 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.


ფორუმს აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი რადეკ იაკუბსკი, ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პეტრ ტრჟეშნიაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930