5-05-2022
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას „იმედის" ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, 30 აპრილს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე კითხვით მიმართა ომბუდსმენს, დღეს კი, 4 მაისს გავრცელდა სახალხო დამცველის განცხადება, თუმცა, კითხვებზე პასუხი უწყების მედპერსონალს არ მიუღია. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კითხვები დაისვა არა იუსტიციის მინისტრის, არამედ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების მხრიდან:
„სამედიცინო პერსონალს ესაჭიროება პასუხი იმისათვის, რომ შემდგომში მათ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რომ, თუ არსებობს რაიმე პრობლემა, დაიგეგმოს სწორი მკურნალობა, შეკითხვები არ არის დასმული იუსტიციის მინისტრის მიერ, ეს კითხვები დასმულია ექიმების მიერ. მე არ ვარ ექიმი და არ შევალ სამედიცინო დისკუსიაში, მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ექიმების რეკომენდაცია შესრულდეს როგორც სააკაშვილთან მიმართებით, ისე ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კითხვები შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის სისხლში ალბუმინის შემცველობას, რომლის გაჟღერებული მონაცემი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და, აგრეთვე, იმ ვარაუდს, რომ მსჯავრდებულს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე დაავადება. თუმცა, პენიტენციური სამსახურის კითხვები სახალხო დამცველის განცხადებაში უპასუხოდ დარჩა. რატი ბრეგაძე სახალხო დამცველის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო „იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე" სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე:
„მე არცერთ ჩემს განცხადებაში არავისთვის ბრალი არ დამიდია. მე გავაჟღერე კითხვა – ჰქონდა თუ არა კონსილიუმს სააკაშვილის წერილობითი თანხმობა. ბუნებრივია, მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო სახალხო დამცველის ოფიციალურად გავრცელებულ მიმართვას, რომელშიც ის ამბობს, რომ მას ჰქონდა სააკაშვილისაგან შესაბამისი ნებართვა, გაესაჯაროებინა მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. თუმცა, როდესაც ხდება შერჩევით ერთი პარამეტრის გასაჯაროება, ჯობს, გაიშალოს დისკუსია და უფრო ფართოდ გახდეს მონაცემები ცნობილი, რომ მსჯელობა იყოს უფრო კვალიფიციური და ექიმებს რეალურად ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიგონ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", – თქვა მან.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მას არ აქვს საფუძველი, ეჭვები გამოთქვას სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის მიმართ:
„ჩვენ არ გამოგვიხატავს ბრალდება და არ გამოგვითქვამს ეჭვები. უბრალოდ, ერთ მონაცემთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს. სხვა კითხვები მომზადებული იყო ექიმების მიერ და ისინი საჭიროებენ დაზუსტებას იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. მე არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ის ექიმები, რომლებიც არიან სახალხო დამცველის შექმნილ ჯგუფში, თითქოსდა ხელოვნურად ცდილობენ, გაავრცელონ ყალბი დასკვნა. ეს, რა თქმა უნდა, იქნებოდა დანაშაული. ბუნებრივია, როდესაც არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ამას შეგნებულად ცდილობს, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ".
იუსტიციის მინისტრის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს მიეღო წერილობითი პასუხები დასმულ კითხვებზე, ემსჯელა მათ გარშემო და საჭიროების შემთხვევაში შეხვედროდნენ ექსპერტებს. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებაში მხოლოდ თანხმობაა გამოთქმული მედიკოსებთან შეხვედრაზე, რასაც პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მსჯელობის შემდეგ გონივრულ ვადაში გასცემს პასუხს.
„ჩვენი ექიმების ყველა მოქმედება ემსახურება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. თუკი ჩვენ არ გვექნება ადეკვატური პასუხი, ეს უფრო მეტად გაართულებს საქმეს. მე მჯერა ექიმების, ეს არის ხალხი, რომელსაც დადებული აქვს ჰიპოკრატეს ფიცი და უნდა იმოქმედოს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ექიმები აუცილებლად შეჯერდებიან და თუკი იქნება რაიმე სახის საჭიროება, ჩვენ ვიმოქმედებთ ადეკვატურად", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024