გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: უსაფრთხოების მაღალი დონე, სწორი პოზიციონირება, ოთხსეზონურობა და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები - ამ და სხვა მიზეზთა გამო საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal" - საქართველოში ოპერირებით დაინტერესდა

16-05-2022

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal" - ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დღეს არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, სადაც განხილულ იქნა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები.


საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონე, სწორი პოზიციონირება, ოთხ სეზონურობა და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები - სწორედ ამ მიზეზების გამო ინტერესდება ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეში საუდის არაბეთის ავიაკომპანიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი ფრენები დაინიშნება.


„აქტიურად ვაწარმოებთ მოსამზადებელ სამუშაოებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გვყავდეს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, მათ შორის, ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal" - თან, რათა მათ დაიწყონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, საიდანაც წლების განმავლობაში მრავალი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მისი თქმით, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, საუდის ბაზარზე პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო, სტუმართმოყვარე და ოთხსეზონიანი ქვეყანა.


„იმედს გამოვთქვამ, რომ ყოველივე ხელს შეგვიწყობს მიმდინარე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში და საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთ საერთაშორისო ავიაკომპანიას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს ერთი ავიაკომპანია FLYNAS საუდის არაბეთიდან, რომელიც ახორციელებს კვირაში 26 სიხშირით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.


საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადები ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2022 წელს, საქართველოში 62 პროცენტით მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა 2019 წელთან შედარებით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 30,848 პროცენტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930